უბნებზე ე.წ. 25 – მეტრიანი რადიუსი არის ერთი მხრივ, კრიმინალების და მეორე მხრივ, კოორდინატორების ბირჟა – გოცირიძე

საარჩევნო უბნებზე ე.წ. 25 – მეტრიანი რადიუსი არის ერთი მხრივ, კრიმინალების და მეორე მხრივ, კოორდინატორების ბირჟა, რომლებიც ამომრჩეველს აშინებენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია „ნაციობალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტის კომენტირებისას განაცხადა.

რომან გოცირიძის თქმით, მმართველმა გუნდმა ეუთო/ოდირის 27 რეკომენდაციიდან სრულად მხოლოდ 3 შესრულდა, 7 კი სანახევროდ. როგორც გოცირიძე ამბობს, ცვლილებები რიგ შემთხვევებში არსებულ კანონმდებლობასაც კი აუარესებს.

„საუბარია, რომ 25 მეტრის რადიუსში ხელი არ უნდა შეახოო (ამომრჩეველს), მაგრამ თვალებით რომ აშინებენ, ფსიქოლოგიურად რომ აშინებენ? სახლებში რომ მიუვარდებიან, ეზოებში რომ ატერორებენ და მერე რუსეთიდან იღებენ დავალებებს „კანონიერი ქურდებისგან“? რატომ არ არის აღკვეთილი ძალადობა საარჩევნო პროცესში და მათ შორის არჩევნების დღეს უბანში, ამ რადიუსის გაზრდაც კი არ უნდათ, რადგან ეს არის მათი ბერკეტი, მოსყიდვა, ძალადობა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება,”- განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისათვის, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების თანახმად, საარჩევნო უბანთან, 25 მეტრიან რადიუსში ამომრჩევლის შეფერხება დაუშვებელია.