უბრალოდ ამბობენ, რომ „არჩევნები გაყალბდა“ მტკიცებულებას ვერასდროს წარმოადგენენ -მდინარაძე ოპოზიციაზე

“უბრალოდ ამბობენ, რომ „არჩევნები გაყალბდა“ მტკიცებულებას ვერასდროს წარმოადგენენ “- ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს პარლამენტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

“ყველას უნდა გვესმოდეს ერთი რამ, რომ ის დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოეწერა, იყო პოლიტიკური შეთანხმების დოკუმენტი და არა ნორმები და მუხლები, რაზეც მსჯელობა შეიძლება. მსჯელობა შეიძლება ახლა იმაზე, რა ნორმები უნდა შეიქმნას. ჩვენ დაახლოებით, ერთკვირიანი ვადა ავიღეთ არასამთავრობო სექტორთან და იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც წარმოდგენილები არიან სამუშაო ჯგუფში, რომ ყველას მოსაზრება იყოს შემოსული, ხელმძღვანელები – იოსელიანი და პაპუაშვილი შეჯერდნენ და შემდეგ შეიქმნება პირველი „დრაფტი“, რაზეც შესაძლებელი იქნება მსჯელობა. არასამთავრობო სექტორის მხრიდან იყო საკმაოდ მყარი არგუმენტები კონკრეტულ დეტალებთან დაკავშირებით.

რაც შეეხება კონკრეტულ რეკომენდაციებს, ძალიან ბევრი ვიმსჯელეთ რამდენად მოსწრებადია და როგორ შეიძლება პრაქტიკაში და აღსრულებაში რეალობა დაერქვას ამ ყველაფერს, რასაც როგორც პოლიტიკურ დოკუმენტს ხელი მოეწერა. ელექტრონულ სისტემასთან დაკავშირებით არის სკეპტიკური მოსაზრებებიც და ოპტიმისტური მოსაზრებებიც. ჩვენ პასუხისმგებლობა ავიღეთ და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ეს მართლაც ისტორიული რეფორმა ბოლომდე მივიყვანოთ. იქნება ბევრი დეტალი, რომელთან დაკავშირებითაც ბევრი ცვლილება იქნება. ჩვენც ვცდილობთ და პარტია „მოქალაქეების“ აზრიც იყო, რომ დაახლოებული იყოს იმ პოზიციებთან, რომელიც ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით შეთანხმდა, სადაც ყველა პოლიტიკური ძალის აზრია წარმოდგენილი. ერთის მხრივ, ამას აქვს პოლიტიკური მდგენელი და მეორე მხრივ, ძალიან დიდი სამუშაოა ჩასატარებელი, რომ ეს შეთანხმება ნორმებად იქცეს და სწრაფი აღსრულება მოჰყვეს. რადგან გამოწვევა დიდი და სერიოზულია. უმოკლეს ვადაში ჩვენ აბსოლუტურად სხვა სახის არჩევნებზე უნდა გადავიდეთ. რა თქმა უნდა, ეს არის წინგადადმული ნაბიჯი, უდიდესი პროგრესი, სპეკულაციებისთვის ეს სივრცეს პრაქტიკულად არ დატოვებს და კითხვის ნიშნებსაც გამორიცხავს, მაგრამ უდიდესი გამოწვევაა, რასაც უნდა გავუმკლავდეთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

„გაყალბებული არჩევნები“ ეს ფრაზა აქვთ დაზეპირებული და ფიქრობენ, რომ ამისთვის არგუმენტები აღარ არის საჭირო. ჩვენ მივდივართ პრაქტიკულად ყველაფერზე, რაც კი შეიძლებოდა ჩვენიდან დათმობილიყო. მათი მხრიდან გვაქვს პიარის ჯიუტი ფორმა – „არჩევნები გაყალბდა“ და აღარ აინტერესებთ ეს გამოსაძიებელია თუ არა. ჩვენ არჩევნების მეორე დღესვე ვიყავით დარწმუნებული, რომ არჩევნების გაყალბების რაიმე მტკიცებულებას ვერავინ წარმოადგენდა. ელემენტარულად, სერიოზული დარღვევები და ხარვეზები არ ყოფილა. თვითონ ხომ აქვთ არჩევნების გაყალბების პრაქტიკები, გვითხრან, როგორ ხდება შედეგების გადაწერა, მათ წარმოგვიდგინონ არგუმენტები. მათი 11 ათასი წარმომადგენლის ხელმოწერა თუ გაყალბდა, თქვან, ვინმემ მიიყვანა ეს ადამიანები, იძულებით და დაშინებით მოაწერინა ხელი? ამაზე პასუხს არ გვცემენ. იციან თვითონაც, რომ თავიანთი ლოგიკით ჩიხში არიან შესულები. პასუხი და არგუმენტები მათი მხრიდან არ გვაქვს, უბრალოდ ამბობენ, რომ „არჩევნები გაყალბდა“. მტკიცებულებას ვერასდროს წარმოადგენენ“, – განაცხადა მდინარაძემ.