უბრალოდ მოვიდა და დედა დაიფიცა, ამაზე ვერ გავცემთ ფულს – მაჭავარიანი 300–ლარიან დახმარებაზე

ფინანსთა მინისტრის, ვანო მაჭავარიანის განცხადებით, კორონავირუსის კომპენსაციას იოლად, მხოლოდ “დედის დაფიცების” გამო ვერ გასცემენ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ პირობები გაადვილდა და დახმარება უფრო მარტივად გაიცემა, ვიდრე თავიდან.

“დღეს, მაგალითად, ერთ-ერთმა დეპუტატმა თქვა, რომ გაურთულეთო, ზედმეტ საბუთებს ითხოვთო, ბიუროკრატია გაართულეთ, რომ არ მიიღონო. პირიქით პროცესია. პირველადთან შედარებით დადგენილება რომ იყო, ასეთ სლენგს ვიხმარ, “გალაითდა” პირობები, გაადვილდა. ჩვეულებრივად, არანაირი საბუთით, უბრალოდ მოვიდა და დედა დაიფიცა, ამაზე ვერ გავცემთ ფულს ასე იოლად. ეს არის გადასახადის გადამხდელის ფული და ბიუჯეტს ხარჯვის თავისი პრინციპები აქვს”, – თქვა ვანო მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, თვითდასაქმებულებს, ვინც სამსახური კორონავირუსის პანდემიის დროს დაკარგა, სახელმწიფო ერთჯერად, 300 ლარით ეხმარება, თუ დასაქმებული შეძლებს დოკუმენტურად დაასაბუთებს, რომ ნამდვილად მუშაობდა.