გოგი თოფაძის თქმით, მისი შვილიშვილი უგონოდ არის, 4 ჭრილობა აქვს, თუმცა ექიმები ეუბნებიან, რომ გადარჩება. ის დაჭრის შემთხვევას იხსენებს და ამბობს, რომ ბაკურიანში მყოფი ახალგაზრდები თბილისში დილის 5 საათზე დაბრუნდნენ, რის შემდეგაც სწორედ მასთან მივიდნენ.
თოფაძე ყვება, რომ საუბრის დროს, ერთ-ერთმა იქ მყოფმა ბიჭმა მეგობარს დაურეკა, რომელსაც ადრე ჰქონდა ურთიერთობა იმ ქალთან, რომელიც სახლში მათთან ერთად იმყოფებოდა. თოფაძე ამბობს, რომ ეს ადამიანი მივიდა და დანით მის შვილიშვილს ოთხი ჭრილობა მიაყენა.
“მოვიდნენ 3 ბიჭი, ჩემი შვილიშვილი და 1 ქალბატონი. ლაპარაკობდნენ, ამ დროს ერთ–ერთმა, რომელიც ჩვენთან იყო, დაურეკა თავის მეგობარს, რომელსაც რაღაც ურთიერთობები ჰქონდა იმ ქალბატონთან. მოვიდა ის, დაარტყა 4–ჯერ დანა და გაიქცა. მისულია ყველა [ორგანოსთან], მაგრამ ახლაც არ მოვიდა გონს. 1 ოპორაცია გავუკეთეთ, 3–საათ–ნახევარი მიმდინარეობდა”,– ებუნება მთავარ არხს თოფაძე.
თოფაძეების ოჯახის ადვოკატის გიორგი ანთაძის განცხადებით, ლევან თოფაძეს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული, მას ოპერაცია ჩაუტარდა და ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ცნობისთვის, თოფაძის შვილიშვილის დაჭრის ფაქტზე ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჟვანია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებითაა დაკავებული. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.