ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გიგი უგულავაზე ამბობს, რომ “48 მილიონის მომპარავი ადამიანები პოლიტიკაში არ უნდა იყვნენ”.
მისივე განცხადებით, უგულავას გასაკრიტიკებელი პოლიციელი საქართველოს არ ჰყავს.
“უგულავამ პოლიციელების მუქარას და მიხეილ სააკაშვილის ნარატივის გაგრძელებას თავი დაანებოს. არც მისი ბოძზე გამოსაკრავი პოლიციელი ჰყავს ამ ქვეყანას და არც ელემენტარულად გასაკრიტიკებელი. ადამიანის, რომელიც მსჯავრდებულია 48 მილიონის მოპარვაზე. პრობლემა ის არის, ასეთი ადამიანები თავს უფლებას რომ აძლევენ, პოლიტიკაში იყვნენ. მთავარი პრობლემა ესაა. სანქციებზე საუბარი აბსოლუტურად არასერიოზულია. ეს თავადაც იციან. შეუძლებელია, კანონის აღსრულებისთვის სანქციების დაწესება, თანაც კონკრეტული ადამიანების მიმართ”,– თქვა მდინარაძემ.
ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა აცხადებს, რომ იმ სპეცრაზმელების სახელები და გვარები, ვინც ენმ–ს ოფისში “ვანდალურ ოპერაციაში” მონაწილეობდა, უნდა გასაჯაროვდეს და ბოძებზე გამოიკრას. მისივე თქმით, ასეთი ადამიანები სახელმწიფო სამსახურებში აღარ უნდა მუშაობდნენ.