საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებაზე განცხადების გაკეთებამდე პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს, პარტიის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილსა და პრემიერს, გიორგი გახარიას წინასწარ შეატყობინა. ამის შესახებ პრეზიდენტმა რუსთავი 2-თან ინტერვიუში ისაუბრა.
ზურაბიშვილის თქმით, არ შეიძლება, რომ მისი გადაწყვეტილება მოულოდნელი ყოფილიყო სახელმწიფო შტოებისთვის.
“სრულიად დამოუკიდებლად მივიღე ეს გადაწყვეტილება. ძალიან დიდხანს ვფიქრობდი, სხვათა შორის ამ გადაწყვეტილებაზე და როცა უკვე ჩემში დავრწმუნდი, რომ ეს გადაწყვეტილება საჭირო იყო, შევატყობინე იმ შტოებს, ინსტიტუტებს ქვეყნის, იმიტომ რომ არ შეიძლება ასეთი გადაწყვეტილება იყოს სრულიად მოულოდნელი. კონკრეტულად, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერს და ქართული ოცნების თავმჯდომარეს — ბიძინა ივანიშვილს”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
15 მაისს პრეზიდენტმა ოპოზიციის ლიდერები, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. მმართველი გუნდის ლიდერებმა ეს გადაწყვეტილება უარყოფითად შეაფასეს და თქვეს, რომ მათთვის ეს მოულოდნელი იყო. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა ისიც, რომ შეწყალებაზე წინასწარ ინფორმაცია არ ჰქონია.