უზრდელი და უტაქტო ხარ, რა გააკეთე, ვის წარმოადგენ? – ყაველაშვილი დეკანოიძეს

“ქართული ოცნების” დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი ენმ-ს ერთ-ერთ ლიდერს, ხატია დეკანოიძეს ბიუროს სხდომაზე დაუპირისპირდა. დეპუტატი მას შემდეგ გაღიზიანდა, რაც დეკანოიძემ პარლამენტში ჟურნალისტებისა და მედიამენეჯერების შეშვება მოითხოვა.

“უზრდელობა და უტაქტობაა, რასაც შენ აკეთებ. ჩვენზე მეტი უფლება არ გაქვს, ისევე პარლამენტარი ხარ, როგორც ჩვენ. რა გააკეთე, ვის წარმოადგენ?! თქვენ, “ნაციონალური მოძრაობა“ ხართ ამ ქვეყნის უბედურების მომტანი. გირგვლიანიდან დაწყებული და… თქვენ ხართ უზრდელი და უტაქტო ადამიანი”,– მიმართა ყაველაშვილმა დეკანოიძეს.

დეკანოიძის თქმით, ქართულ ოცნებას იმიტომ ჰყავს ასეთი ხალხი პარლამენტში, რომ “ზონდერობა განახორციელონ”.

კახა კუჭავამ მის საპასუხოდ განმარტა, რომ ყველა ჟურნალისტზე საშვი დაუშვეს, ვისი სიაც მედიასაშუალებებმა მიაწოდეს. მიუხედავად ამისა, პარლამენტის წინ შეკრებილები არიან ჟურნალისტები და მედიამანეჯერები, რომელთაც საკანონმდებლო ორგანოში არ უშვებენ.

ადგილზე მობილიზებულია ასობით სამართალდამცავი. დღეს საკანონმდებლო ორგანოში ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.