გუშინ, ტელეკომპანია “ფორმულამ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის, საზღვარგარეთ მცხოვრები შვილებს ფინანსურ ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ. ამასთანავე, აშშ-ის საელჩომ განაცხადა, რომ ივანიშვილისა და მისი ოჯახისთვის შტატებს სანქციები არ დაუწესებია. ტელეკომპანიამ განმარტა,რომ ეს არ არის სახაზინო დეპარტამენტის სანქციები და საუბარია წინასასანქციო რეჟიმზე, როდესაც კომერციული ბანკები თავად იღებენ გადაწყვეტილებას ამა თუ იმ პირისთვის საბანკო ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვასთან დაკავშირებით. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი და დეპუტატი, რომან გოცირიძე განმარტავს, რას გულისხმობს ე.წ. პრესანქციური – წინასასანქციო რეჟიმი.
“ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ ფაქტობრივად ის [ბიძინა ივანიშვილი] დააყენა სანქციების კანდიდატად, ეს უკვე არის სიგნალი კომერციული ბანკებისთვის. ბანკები ამას არ უყურებენ, ამ მომენტისთვის ის არის თუ არა სანქცირებულთა სიაში, ვინაიდან შეიძლება ის იყოს პირი, რომელთან ურთიერთობაც შეიძლება ძვირად დაუჯდეს ბანკებს. ამიტომ, ბანკები, ასეთ შემთხვევაში, პრევენციულ ზომებს იღებენ, რაც ნიშნავს, რომ უზღუდავენ მსხვილ ტრანზაქციებს – ვერ იყიდიან ქონებას, დიდ გადარიცხვებს ვერ გააკეთებენ.
არ უზღუდავენ პირადი საჭიროებისთვის ხარჯებს, მაგალითად, რუსი ოლიგარქებიც კი, რომლებიც ლონდონში ცხოვრობენ, მათ თვეში 50 ათასი ფუნტის დახარჯვის უფლება აქვთ საწვავზე, საჭმელზე, სასმელზე და ერთ-ერთი ჩიოდა, ეს არ მყოფნის, რომ დამლაგებელს ფული გადავუხადოო, ვლაპარაკობ მილიარდერზე, რომელსაც დაყადაღებული აქვს მთელი ქონება და აქტივები. ანუ – არსებობს ნაწილობრივი სანქციის რეჟიმი, პრესანქციური”, – ამბობს რომან გოცირიძე.