უიტკოფი კონკრეტულ რჩევებს აძლევდა კრემლს, თუ რაზე და როგორ ესაუბრა ვპუტინს ტრამპთან – BLOOMBERG

შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა სატელეფონო საუბარი გამართა ვლადიმირ პუტინის თანაშემწე იური უშაკოვთან, რომელსაც უკრაინაში ომის დასამთავრებლად ღაზის სამშვიდობო შეთანხმების მსგავსი გეგმის შემუშავება შესთავაზა. ამის შესახებ Bloomberg-ი მათი სატელეფონო საუბრის ჩანაწერზე დაყრდნობით წერს.

ჩანაწერი 14 ოქტომბრით თარიღდება, ხუთწუთიან ზარში უშაკოვი პუტინის უმაღლესი საგარეო პოლიტიკის მრჩევლის სტატუსით მონაწილეობდა.Bloomberg ასაჯაროებს უიტკოფსა და უშაკოვს შორის გამართული სატელეფონო საუბრის სრულ ტრანსკრიპტსაც, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

სტივ უიტკოფი: გამარჯობა იური.

იური უშაკოვი: დიახ, სტივ, გამარჯობა, როგორ ხარ?

უიტკოფი: კარგად იური. შენ როგორ ხარ?

უშაკოვი: მე ნორმალურად. გილოცავ, ჩემო მეგობარო.

უიტკოფი: მადლობა.

უშაკოვი: დიდებული საქმე შეასრულე. უბრალოდ დიდებული. უღრმესი მადლობა. მადლობა, მადლობა.

უიტკოფი: მადლობა იური და მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის. ვიცი, რომ თქვენი ქვეყანაც ემხრობოდა და მე მადლობელი ვარ.

უშაკოვი: კი, კი, კი, კი. იცი, რომ ამ მიზეზით შევაჩერეთ პირველი რუსულ-არაბული სამიტის ორგანიზება.

უიტკოფი: კი.

უშაკოვი: კი, რადგან ვფიქრობთ, რომ ამ რეგიონში რეალურ საქმეს ეწევი.

უიტკოფი: კარგი მომისმინე. რაღაცას გეტყვი. ვფიქრობ, ჩემი აზრით, თუ შევძელით რუსეთ-უკრაინის მოგვარება, ყველანი სიხარულისგან იზეიმებენ.

უშაკოვი: კი, კი, კი, კი, ამისთვის მხოლოდ ერთი პრობლემის გადაჭრა დაგჭირდება. [სიცილი]

უიტკოფი: რისი?

უშაკოვი: რუსეთ-უკრაინის ომის.

უიტკოფი: ვიცი! როგორ მოვაგვაროთ ეს?

უშაკოვი: ჩემო მეგობარო, მე მხოლოდ შენი რჩევა მინდა. შენი აზრით, სასარგებლო იქნება, თუ ჩვენი უფროსები ტელეფონით ისაუბრებენ?

უიტკოფი: კი, ასე მგონია.

უშაკოვი: ასე ფიქრობ, და შენი აზრით როდის იქნება ეს შესაძლებელი?

უიტკოფი: ვფიქრობ, როგორც კი იტყვი, ჩემი კაცი მზადაა ამისთვის.

უშაკოვი: კარგი, კარგი.

უიტკოფი: იური, იური, აი რას ვიზამდი მე. ჩემი რეკომენდაცია.

უშაკოვი: კი, გთხოვ.

უიტკოფი: ზარს გავმართავდი და უბრალოდ გავიმეორებდი, რომ შენ ამ მიღწევას პრეზიდენტს ულოცავ, რომ მხარს უჭერდი ამას, რომ პატივს სცემ მას, როგორც მშვიდობის კაცს, და რომ უბრალოდ, ძალიან გიხარია, რომ ეს დაინახე. ასე რომ, ამას ვიტყოდი. ჩემი აზრით, ამით ძალზე კარგი სატელეფონო საუბარი იქნება.

რადგან – მოდი, გეტყვი, რა ვუთხარი პრეზიდენტს. პრეზიდენტს ვუთხარი, რომ თქვენ – რუსეთის ფედერაციას ყოველთვის სურდა სამშვიდობო შეთანხმება. მე ამის მჯერა. პრეზიდენტს ვუთხარი, რომ ამის მჯერა და ჩემი აზრით, პრობლემა ის არის, რომ გვყავს ორი ერი, რომლებსაც უჭირთ კომპრომისის მიღწევა და როცა ჩვენ ვიზამთ ამას, ჩვენ სამშვიდობო შეთანხმება გვექნება. მე ვფიქრობ კიდეც, რომ იქნებ ჩვე 20-პუნქტიანი სამშვიდობო წინადადება შევადგინოთ, როგორც ღაზის შემთხვევაში ვქენით. ჩვენ 20-პუნქტიან გეგმას შევიმუშავებთ, როგორც სამშვიდობო 20 პუნქტი იყო და ვფიქრობ, შესაძლოა თქვენთანაც იგივე გავაკეთოთ. რისი თქმაც მინდა…

უშაკოვი: კარგი, კარგი, ჩემო მეგობარო. ვფიქრობ, რომ სწორედ ამის განხილვა შეუძლიათ ჩვენს ლიდერებს. ჰეი სტივ, გეთანხმები, რომ ის მიულოცავს, იტყვის, რომ ბატონი ტრამპი ნამდვილი მშვიდობის კაცია და ასე შემდეგ. ამას იტყვის.

უიტკოფი: მაგრამ აი რას ვფიქრობ, რომ შესანიშნავი იქნებოდა.

უშაკოვი: კარგი, კარგი.

უიტკოფი: რა იქნებოდა, თუ… თუ… მომისმინე…

უშაკოვი: ამას ჩემს უფროსთან განვიხილავ და შემდეგ დაგიბრუნდები. კარგი?

უიტკოფი: კი, რადგან მომისმინე რასაც ვამბობ. უბრალოდ მინდა, რომ პუტინს უთხრა, იქნებ მხოლოდ ეს უთხრა პრეზიდენტ პუტინს, რადგან როგორც იცი მე ღრმა პატივისცემა მაქვს პრეზიდენტი პუტინისადმი.

უშაკოვი: კი, კი.

უიტკოფი: იქნებ მან პრეზიდენტ ტრამპს უთხრას: იცით, სტივმა და იურიმ განიხილეს საკმაოდ ანალოგიური 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა და რომ ჩვენი აზრით, ამის მეშვეობით შესაძლებელია ოდნავ წინ წაწევა, ჩვენ ვემხრობით ასეთ რაღაცებს – რათა განიხილონ, რა იქნება საჭირო სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად: დონეცკი და შესაძლოა, ტერიტორიების გაცვლა სადმე. მაგრამ იმას ვამბობ, რომ ამგვარად საუბრის ნაცვლად, მოდი უფრო იმედისმომცემად ვილაპარაკოთ, რადგან ვფიქრობ, რომ შეთანხმებას მივაღწევთ და იური, მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი დიდ სივრცესა და მოქმედების თავისუფლებას მომცემს შეთანხმების მისაღწევად.

უშაკოვი: ვხვდები…

უიტკოფი: … ასე რომ, თუ ამ შესაძლებლობის შექმნას შევძლებთ, რომ ამის შემდეგ მე იურის ველაპარაკე და საუბარი გვქონდა, ვფიქრობ, დიდ რაღაცებამდე მიგვიყვანს.

უშაკოვი: კარგი, ეს კარგად ჟღერს. კარგად ჟღერს.

უიტკოფი: და კიდევ ერთი რამ: პარასკევს ზელენსკი თეთრ სახლში მოდის.

უშაკოვი: მე ეს ვიცი. [ჩაცინება]

უიტკოფი: ამ შეხვედრაზე ვიქნები, რადგან უნდათ, რომ იქ ვიყო, მაგრამ ჩემი აზრით, თუ შესაძლებელია ზარის გამართვა შენს უფროსთან ამ პარასკევის ზარამდე.

უშაკოვი: მანამდე, მანამდე – ასეა?

უიტკოფი: სწორია.

უშაკოვი: კარგი, კარგი. მივიღე შენი რჩევა. ასე რომ, ამას ჩემს უფროსთან განვიხილავ და შემდეგ დაგიბრუნდები, კარგი?

უიტკოფი: კარგი იური, მალე დაგელაპარაკები.

უშაკოვი: დიდებულია, დიდებული. უღრმესი მადლობა. მადლობა.

უიტკოფი: კარგად.

უშაკოვი: კარგად.