უკანდახეულ სამხედროებს თავად რუსები უსწორდებიან-აუპატიურებენ, ესვრიან და აკავებენ – 7 ნოემბრის შეჯამება უკრაინაში

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტი, GIPA–ს პროფესორი გიორგი კობერიძე უკრაინის ფრონტებზე 7 ნოემბრის მდგომარეობას აჯამებს:

” მობილიზაციის შემდეგ შემდგარი რუსული დანაყოფები უკვე სრულად არიან უკრაინაში გადასროლილი და პრობლემებმაც მასობრივი ხასიათი მიიღო. ცუდად შეიარაღებულ რიგითებსა და ოფიცრებს შორის დაპირისპირება, ბრძანების არშესრულება და შეტაკებებიც კი ლუგანსკისა და დონეცკის რაიონში თითქმის ყოველდღიურად ხდება. ამასთან, უკრაინელთა მიერ აყვანილი ტყვეების უმრავლესობა სწორედ მობილიზებული ნაწილები არიან. უკანდახეულ სამხედროებს თავად რუსები უსწორდებიან – ესვრიან, აკავებენ და აუპატიურებენ კიდეც. სწორედ ამ ფონზე უკრაინელებს მობილიზებული რუსი სამხედროები დიდ წინააღმდეგობას არც უწევენ და შედარებით ადვილად ნებდებიან.

– შეტაკებები კრემინა-სვატოვეს გზატკეცილის გასწვრივ გრძელდება. უკრაინის არმიამ მოახერხა და კრემინას ჩრდილოეთით გზას გაემიჯნა თუმცა მაგისტრალზე გასვლა ჯერ კიდევ ვერ შეძლო. რუსული არმია და მობილიზებულები უკრაინული არმიის შეტევის შეჩერებას და გზაზე გასვლის აღკვეთას ცდილობენ. ამასობაში რუსებმა კრემინასა და სვატოვეს ირგვლივ ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი თავდაცვის ზღუდეები მოაწყვეს და როგორც ჩანს საქალაქო ბრძოლისათვის ემზადებიან. ამ ფონზე უკრაინულმა არტილერიამ უკვე დაიწყო ორივე ქალაქში რუსულ პოზიციებზე დარტყმები.

– უკრაინელების მცდელობა სვატოვეს ჩრდილო-დასავლეთიდან მოქცეოდნენ ამ ეტაპზე ვერ განვითარდა. რუსებმა შეძლეს უკრაინული არმიის შეკავება.
– ამ ფონზე რუსული არმია კონტრშეტევას აწარმოებს სვატოვე-კრემინას გზაზე მაკიივკას მიმართულებით. მეტიც, რუსებმა შემოვლა და კრემინას მომიჯნავედ ტყეში მებრძოლო უკრაინელების რკალისებური მიმწყვდევა სცადა და იამპილისაკენ გაჭრა სცადა, თუმცა უკრაინელებმა რუსული დივერსიული ჯგუფი გაანადგურეს.

– გამთენიას დაიბომბა ქალაქი დონეცკის რკინიგზის სადგურის სამართავი ცენტრი.

– ძალიან ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს ბახმუტთან. რუსებს ქალაქის სამხრეთით ჰორლოვკასაკენ მიმავალი რკინიგზის ხაზის დაკავების მცდელობა ჰქონდათ, თუმცა შეტევა ჩაუვარდათ. უშუალოდ ქალაქის მიმართულებით რუსები ყველა სახის იარაღს იყენებენ. მაგრამ ქალაქი კარგადაა გამაგრებული და დამატებითი იარაღი და ძალაც შედის იქ, რაც მის დაცვას შესაძლებელს ხდის.
– ყველაზე ინტენსიური საბრძოლო მოქმედება დონეცკის რაიონში ვუჰლედარი-პავლივკას მიმართულებით მიმდინარეობს. რუსებმა პავლივკაში შესვლა რამდენჯერმე შეძლეს და უშალოდ ცენტრისაკენ გაჭრა სცადეს, თუმცა ყველა ჯერზე რუსული ჯავშანტექნიკა და ცოცხალი ძალა განადგურდა. რუსული არმია ქალაქის აღებას პირდაპირი შეტევით ცდილობს, რაც ნაკლებად მოსალოდნელია რომ წარმატებით დასრულდეს მათთვის. პატარა პისკის აღება პირდაპირი შეტევის შემდეგ უზარმაზარ რესურსად და სისხლად დაუჯდათ და კარგად გამაგრებული პავლივკას აღება ასეთი მარტივი ნამდვილად ვერ იქნება.

თუმცა გარემო ტყიანი არაა, ლანდშაფტი სწორი და სტეპურია რასაც რუსები რამდენიმე მიმართულებიანი შეტევისათვის იყენებენ. უკრაინელებს კი თავდაცვის წარმოება უშალოდ დასახლებული პუნქტის ტერიტორიაზე უწევთ.

– უკრაინაში NASAMS-ები ნამდვილად ჩავიდა, რაც ჰაერიდან უკრაინული დიდი ქალაქების წინააღმდეგ მოქმედებას შეზღუდავს.
– ზამთარი მოდის და არამხოლოდ ტალახი იწყებს მოქმედებას, არამედ სიცივეც. დღეიდან აღმოსავლეთ უკრაინაში ლუგანსკსა და დონეცკის რაიონებში საბრძოლო მოქმედებების ხაზის გასწვრივ ყინვები იწყება. ეს კი მობილიზებულ და პროფესიონალ სამხედროებს შორის სიცივით და ავადმყოფობით მასობრივ სიკვდილიანობას ნიშნავს. დიახ, შეიძლება სიცივე უფრო ადვილად გადაიტანოს პროფესიონალმა სამხედრომ (თუმცა ხარკივთან გაყინული რუსი სამხედროების გვამები თებერვალ-მარტში ყველას გვახსოვს), მაგრამ მობილიზებულ, არაპროფესიონალ სამხედროს ეს ყველაფერი ძალიან გაუჭირდება.” – აცხადებს კობერიძე.