“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა” და მისი აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება სპეციალური სტატუსის მინიჭების შესახებ გაუქმებულია. ამის შესახებ ოფიციალური შეტყობინება არასამთავრობო ორგანიზაციამ ანტიკორუფციული ბიუროსგან უკვე მიიღო.
“ანტიკორუფციულმა ბიურომ 4 ოქტომბერს ოფიციალურად გვაცნობა, რომ მისმა უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა გააუქმა საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა და მისი აღმსარულებელი დირექტორის ეკა გიგაურის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება სპეციალური სტატუსის მინიჭების შესახებ. შესაბამისად, ორგანიზაციას და მის დირექტორს მოხსნილი აქვთ სტატუსი, რაც ხელს უშლიდა არჩევნების დაკვირვებას.
ამ გადაწყვეტილებით გაუქმდა ყველა ის ვალდებულება, რომელიც სპეციალური სტატუსიდან გამომდინარე უკანონოდ დაგვეკისრა”, – წერია განცხადებაში.
ანტიკორუფციულის გადაწყვეტილების შედეგად, რომელიც სტატუსის მინიჭების გაუქმებას ითვალისწინებს, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო საპარლამენტო არჩევნების დაკვირვებას კვლავ გააგრძელებს.
“უკანონო გადაწყვეტილების უკან წაღების შემდეგ, ვაგრძელებთ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დაკვირვებას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს სახელით”, – ნათქვამია განცხადებაში.