საქართველოს პროკურატურას განცხადებით, ლეგალიზაციის ფაქტზე ორი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო. ბრალდებულ ფიზიკურ პირებს სასჯელის ზომად 11 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ, ხოლო ბრალდებულ იურიდიულ პირს ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით დაეკისრა.
“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ავსტრიის მოქალაქემ სამედიცინო ნიღბების შეძენის მსურველი ჩეხური კომპანიის წარმომადგენლები და გერმანიაში მცხოვრები პირები მოატყუა და საქონლის შესაძენად განკუთვნილი 1 300 000 ევრო, მის საკუთრებაში არსებული კომპანიის საზღვარგარეთ გახსნილ საბანკო ანგარიშზე ჩაარიცხინა, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.
ბრალდებულმა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულის გათეთრების მიზნით, კომპანიის ანგარიშზე აკუმულირებული უკანონო შემოსავალი, ფიქტიური დანიშნულებებით და ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, საქართველოში, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი საქართველოს მოქალაქის კუთვნილი საწარმოს საბანკო ანგარიშზე გადმორიცხა. შემდგომში, საწარმოს ანგარიშიდან განაღდებული თანხა, საქართველოს მოქალაქის სარგებლის გამოკლებით, ბრალდებულს და ამ უკანასკნელთან დაკავშირებულ პირებს გადაერიცხათ.
აღნიშნული გზით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა 496 430 ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს”. – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.