ბუკინგემის სასახლემ ოფიციალურად განაცხადა, რომ სასექსის ჰერცოგი და მისი მეუღლე სასახლეში სამეფო ოჯახის წევრების სტატუსით აღარ დაბრუნდებიან. გადაწყვეტილება დედოფალმა დიდი ხანია მიიღო, მეგანმა და ჰარიმ კი ის მხოლოდ ოფიციალურად დაადასტურეს. პრინცმა და მისმა მეუღლემ დედოფალს წერილი მისწერეს, რომელშიც აცხადებენ, რომ სამეფო ოჯახის წევრთა სტატუსით საკუთარი სამუშაო მოვალეობების შესრულებაზე უარს ამბობენ. პრინცს ასევე ჩამერთმევა ყველა სამხედრო წოდება და სამეფო მფარველობა. განცხადებაში ნათქვამია: “სასექსის ჰერცოგი და მისი მეუღლე ერთგულნი რჩებიან თავისი ვალისა, და დიდი ბრიტანეთისა და მსოფლიოს მსახურების მიმართ და თავის მუდმივ მხარდაჭერას სთავაზობენ ორგანიზაციებს, რომლებთანაც თანამშრომლობდნენ, მიუხედავად საკუთარი ოფიციალური წოდებისა და როლისა“.
პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრობის სტატუსზე უარი 2020 წლის მარტში თქვეს, რათა დამოუკიდებლად ეცხოვრათ და არა ბრიტანეთის ხაზინის ხარჯზე, რაც იმას ნიშნავს, რომ საარსებო ფულიც დამოუკიდებლად გამოემუშავებინათ. ისინი საცხოვრებლად აშშ–ში გადავიდნენ. ბოლო ერთი წლის მანძილზე წყვილმა ხელი მოაწერა კონტრაქტებს Spotify–სთან და Netflix–თან, რომელთა საერთო ღირებულება 100 მილიონი გირვანქა სტერლინგია. სამეფო ოჯახის მომუშავე წევრის სტატუსზე უარის თქმა იმასაც ნიშნავს, რომ წყვილი, რომელიც ამჟამად კალიფორნიაში 11 მილიონად ღირებულ სახლში ცხოვრობს, დაცვისა და თანამეგობრობის ქვეყნების მხარდაჭერის გარეშე რჩება. შეგახსენებთ, რომ პრინცესა დიანას სიკვდილის შემდეგ ბევრი ბრალს სდებდა დედოფალს იმაში, რომ პრინც ჩარლზთან განქორწინების შემდეგ სამეფო კარმა მას მძღოლი და დაცვა ჩამოართვა, რომლებიც ამ ტრაგედიას უბრალოდ არ დაუშვებდნენ.
დღევანდელი გადაწყვეტილება სასექსის ჰერცოგისა და სამეფო ოჯახის წევრების საუბრის შემდეგ იქნა მიღებული. ამიერიდან დედოფლის განკარგულებაში გადადის შემდეგი ორგანიზაციები და ასოციაციები, რომლებსაც ჰარის და მეგანის პატრონაჟის ქვეშ იყვნენ: სამეფო საზღვაო ფეხოსნები, RAF Honington, სამეფო ფლოტის მცირე ხომალდები და დაივინგი, თანამეგობრობა, რაგბის კავშირი, რეგბის საფეხბურთო ლიგა, ნაციონალური სამეფო თეატრი და თანამეგობრობის უნივერსიტეტთა ასოციაცია.
შეგახსენებთ, რომ ჰარი და მეგანი უკვე მეორე შვილს ელოდებიან. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. მათ მეგანის ორსულობის დამადასტურებელი ფოტოც გამოაქვეყნეს. წყვილმა ცოტა ხნის წინ ინტერვიუ მისცა ცნობილ ტელეწამყვანს, ოფრა უინფრის, რომელიც ეთერში 7 მარტს გავა.