უკვე 14 დიაგნოზი აქვს დასმული, ბოლო 3 დღეში კი 3 დიაგნოზი დაემატა – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა კლინიკა „ვივამედში“, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჯანმრთელობის მდგომარეობა სახარბიელო ნამდვილად არ არის. ჩემი ვარაუდი გამართლდა, მართლაც ძალიან სუსტად არის. საუბრისას გაირკვა, რომ ბოლო 2-3 დღის მანძილზე დაემატა კიდევ 3 დიაგნოზი და აქედან არის დასკვნა, რომ საქართველოში ვერ ხერხდება, რომ უკეთესობისკენ განვითარდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამიტომ ჩვენ ველოდებით უცხოელი ექსპერტების ჩამოსვლას, რომ სიტუაციის შეფასება მოხდეს, რომ რაც შეიძლება მალე განხორციელდეს მისი ტრანსპორტირება საზღვარგარეთ.
თუ არ ვცდები 14 დიაგნოზი აქვს უკვე დასმული და ბოლო 3 დღეში 3 დიაგნოზი დაემატა, რაც კატასტროფის ტოლფასია. სიცხეც აღენიშნება ბოლო 3 დღის მანძილზე. ერთადერთი ხსნა, რომ ადამიანი გადავარჩინოთ, არის მისი საზღვარგარეთ გადაყვანა. სუსტად არის, საჭმელს, ფაქტობრივად, არ იღებს და საუბრის დროს აღნიშნა, რომ კლინიკაში შემოსვლის დღიდან დაკლებული აქვს 11 კილო, რაც ძალიან ბევრია, ეს ვიზუალურად იგრძნობა“, – განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.