უკრაინამ დაიბრუნა 1212 დაღუპულის ცხედრები

უკრაინაში, ჩატარებული რეპატრიაციის ღონისძიებების შედეგად, 1 212 დაღუპული სამხედროს ცხედარი დააბრუნეს.ამის შესახებ დღეს, 11 ივნისს განაცხადა სამხედრო ტყვეთა საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო შტაბმა. მისი ინფორმაციით, უკრაინის დამცველები, რომელთა ცხედრებიც სამშობლოში დააბრუნეს, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქებსა და რუსეთის კურსკის რეგიონში დაიღუპნენ.

უკრაინის საკოორდინაციო შტაბის განცხადებით, დაღუპულთა ვინაობას მოკლე დროში დაადგენენ სამართალდამცავი ორგანოების გამომძიებლები და ექსპერტები.

შტაბში განმარტავენ, რომ ცხედრები დააბრუნეს შტაბის თანამშრომლების, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის გაერთიანებული ცენტრის, უკრაინის შეიარაღებული ძალების, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს, უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის, უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურისა და უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის სხვა სტრუქტურების ერთობლივი მუშაობის შედეგად.

მათ ცხედრების დაბრუნებაში დახმარება გაუწია „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა“.

უკრაინა და რუსეთი სამხედრო ტყვეების და დაღუპულთა ცხედრების მორიგ გაცვლაზე 2 ივნისს სტამბოლში, მოლაპარაკების მეორე რაუნდზე შეთანხმდნენ.