უკრაინამ კრეისერი “მოსკვა” საკუთარ წყალქვეშა კულტურულ მემკვიდრეობად აღიარა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინამ კრეისერი “მოსკვა” საკუთარ წყალქვეშა კულტურულ მემკვიდრეობად აღიარა. კრეისერი უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის რეესტრში 2064 ნომრით შევიდა.

“ტურისტები, რომლებსაც ჩაძირული რუსული კრეისერის დათვალიერება მოუნდებათ, ამას ოდესიდან 80 მილის მოშორებით შეძლებენ. იუნესკოს კონვენციის თანახმად, უკრაინის სახელმწიფოს ეკონომიკური საქმიანობის არეალში ადამიანის საქმიანობის ნებისმიერი კვალი უკრაინას ეკუთვნის”, – წერია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

რუსული სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“ უკრაინელებმა, 13 აპრილს ჩაძირეს. კრეისერს უკრაინელებმა ორი რაკეტა მოარტყეს. თუმცა რუსეთი აცხადებდა, რომ ხომალდი ბუქსირებისას “საბრძოლო მასალის” აფეთქების შედეგად მიღებული დაზიანების გამო ჩაიძირა. ეს ის ხომალდია, რომელიც კუნძულ ზმეინზე უკრაინელმა ჯარისკაცებმა ცნობილი მიმართულებით გაუშვეს.