უკრაინამ მარიუპოლში, აზოვსტალში დაღუპული მებრძოლების პირველი ცხედრები მიიღო

რუსეთმა უკრაინისთვის უკრაინელი ჯარისკაცების ცხედრების გადაცემა დაიწყო, რომლებიც მარიუპოლში, “აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე დაიღუპნენ. ათობით გარდაცვლილი ქარხნის ნანგრევებიდან ამოიყვანეს და კიევში გადაასვენეს, სადაც მათი პიროვნების დასადგენად დნმ–ს ანალიზი კეთდება. ამის შესახებ სააგენტო ასოშეითედ პრესი წერს.

ცნობილია, რომ მათ შორის 52 აზოვის პოლკის მებრძოლია. ეს ინფორმაცია აზოვის პოლკის პრესსამსახურმა გაავრცელა და აზოვის ყოფილმა მეთაურმა, მაქსიმ ჟორინმა დაადასტურა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინამ და რუსეთმა გარდაცვლილი ჯარისკაცების ცხედრების გაცვალეს. გაცვლა ზაპოროჟიეს ოლქში ფრონტის ხაზზე შედგა, პრინციპით 160 –160–ზე. ეს ოპერაცია რამდენიმე უკრაინული უწყების მონაწილეობით მიმდინარეობდა.

ერთ–ერთი მებრძოლის ძმამ, რომელიც შესაძლოა აზოვსტალის ტერიტორიაზე დაიღუპა, მედიას უამბო, რომ მინიმუმ ორი სატვირთო ავტომობილი მებრძოლების ცხედრებით კიევის ჰოსპიტალში იდენტიფიკაციისთვის გაიგზავნა. ვიაჩესლავ დროფას თქმით, მისი ძმის ცხედარი მათ შორის არ აღმოჩნდა. მისი თქმით, ზოგიერთი ცხედარი ძალიან დამწვარია.