ბრიუსელში მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, ამბობს, რომ ჯერ უკრაინა ნატოს წევრობისთვის მზად არ არის. განცხადება პრეზიდენტმა ბაიდენმა ნატოს სამიტის შეჯამების დროს გააკეთა.
ამერიკის პრეზიდენტის თქმით, უკრაინას სამოქმედო გეგმა არ აქვს, რადგან ის ამ დროისთვის ვერ აკმაყოფილებს საჭირო კრიტერიუმებს. ამის მიუხედავად ამერიკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინას რუსეთისგან მომდინარე საფრთხეების გასამკლავებლად ამერიკა ეხმარება და ეს პროცესი გაგრძელდება.
„ეს დამოკიდებულია იმაზე, აკმაყოფილებს თუ არა ქვეყანა კრიტერიუმებს. ფაქტია, რომ მათ კვლავ მოუწევთ კორუფციასთან ბრძოლა. და ასევე ფაქტია, ის, რომ უნდა მოხდეს საჭირო კრიტერიუმების დაკმაყოფილება რათა მიიღონ სამოქმედო გეგმა,“-ამბობს ჯო ბაიდენი. აქვე ბაიდენი ამბობს, რომ ნატოში უკრაინის გაწევრიანების საკითხი ალიანსში შემავალი სხვა ქვეყნების პოზიციაზეც იქნება დამოკიდებული.
„ვიცი, რომ მათი დარწმუნებაა საჭირო და ეს იოლი არ არის,“- ამბობს ბაიდენი და კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ნატოს წევრები მხარს უჭერენ უკრაინას რათა ქვეყანამ შეძლოს თავი დაიცვას რუსეთის ზეწოლისა და აგრესიული ქმედებებისგან.
ნატოს სამიტის კომუნიკეში კი ვკითხულობთ, რომ უკრაინა გახდება ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი მაშინ, როცა ქვეყანა დააკმაყოფილებს საჭირო მოთხოვნებს.. უფრო კონკრეტულად კი აღნიშნულია, რომ „გადაწყვეტილება მიღებული იქნება მიღწევების შესაბამისად“.
ჯო ბაიდენმა უკრაინაზე განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ნატოს სამიტამდე რამდენიმე საათით ადრე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის პრეზიდენტს მოუწოდა ღია და მკაფიო პასუხი გაეცა უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან და მაპის მიღებასთან დაკავშირებით.
„როცა ნატოზე და „მაპზე“ ვსაუბრობთ, მინდა, რომ (ბაიდენისგან) მივიღო კონკრეტიკა: კი თუ არა“,- თქვა ზელენსკიმ ორშაბათს. ზელენსკიმ ეს განცხადება იმ დროს გააკეთა, როცა ამერიკის პრეზიდენტი ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრისთვის ემზადებოდა.
ბოლო წლების განმავლობაში ეს პირველი სამიტი იყო სადაც ნატოს სამიტზე საქართველო და უკრაინა მიწვეულები არ ყოფილან. სამიტზე არ მიწვევის გამო უკრაინის პრეზიდენტმა უკმაყოფილება ღიად დააფიქსირა. სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე კი ცნობილი გახდა, რომ ზელენსკი პრეზიდენტმა ბაიდენმა, ივლისში, თეთრ სახლში მიიწვია.
ზელენსკი ნატოს წევრობის პროცესის დაჩქარებისკენ მას შემდეგ მოუწოდებს, რაც რუსეთმა ცოტა ხნის წინ ქვეყნის საზღვართან 100,000 სამხედრო პირი და ჯავშან-ტექნიკა განათავსა. ზელენსკი ამბობს, რომ რუსი სამხედროების დიდი ნაწილი კვლავ უკრაინის საზღვარზე რჩება.
უკრაინის საკითხი ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა იქნება, დღეს ჟენევაში, ბაიდენ-პუტინის სამიტზე. წინასწარი ცნობით განსახილველ თემებს შორის ასევეა: ამერიკის არჩევნებში ჩარევა, ვითარება ბელარუსში, უკრაინის საკითხი, კიბერთავდასხმები, ადამიანის უფლებები და ნავალნის საქმე.
წყარო: ამერიკის ხმა