უკრაინას რუსული შავი ზღვის ფლოტის განადგურება შეუძლია, ამიერიდან საფრთხე ყირიმის რუსულ ფლოტსაც შეექმნება – 28 მაისის შეჯამება უკრაინაში

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტი, GIPA–ს პროფესორი გიორგი კობერიძე აჯამებს უკრაინაში მიმდინარე ომის 94-ე დღეს.

“იმ დროს, როდესაც დონეცკის რაიონის ქალაქ ლიმანთან რუსებმა რკინიგზის კვანძის სრულად დაკავება დაიწყეს ისინი უკრაინულ ჩასაფრებაში აღმოჩნდნენ. ბრძოლა მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოგვიანებით რუსებმა დამატებითი ძალების გადმოსროლა შეძლეს. შეტაკებები ქალაქის რკინიგზის სადგურთან ახლაც გრძელდება.

– ლუგანსკის რაიონში, ქალაქი სევეროდონეცკის სასტუმრო “მირის” მიდამოებზე უკრაინელებმა კონტროლი აღადგინეს. რუსებმა უკან, ტყისკენ დაიხიეს. თუმცა უკრაინელები არ გამორიცხავენ ქალაქიდან ევაკუაციას, რადგან სამხრეთით, პოპასნაიადან წამოსული რუსული ნაწილები ერთის მხრივ ქალაქ ზოლოტეს და იქ გამაგრებულ უკრაინულ დანაყოფებს უქმნიან სერიოზული საფრთხეს, ხოლო მეორეს მხრივ თავდაცვითი ზღუდეები ფლანგებზე უცნობია კიდევ რამდენ ხანს იქნება შენარჩუნებული, მით უფრო ზოლოტეს დაცემის შემთხვევაში. სევედოცონეცკის შესაძლო ევაკუაციის განხორციელება იმთავითვე არ გულისხმობს ლისიჩანსკის ევაკუაციასაც. არამედ გამოყვანილმა ნაწილებმა შეიძლება აქცენტი პოპასნაიდან წამოსული რუსული ნაწილების შეჩერება დაიწყონ. თუმცა ჯერ ეს მხოლოდ ვერსია და სცენარია. ამ ეტაპზე უკრაინელები სევეროდონეცკში რუსულ შეტევას ეფექტურად უმკლავდებიან.

– ხარკივის შემოგარენში, საზღვართან, უკრაინელები ცუპივკას უტევენ და რუსეთიდან დამატებით გადმოსულ დანაყოფებს ანადგურებენ. ხარკივის შემოგარენი კვლავ რჩება მნიშვნელოვანი საბრძოლო მოქმედების არეალად, თუმცა ამჯერადაც რუსების მიზანი კვლავ უკრაინული ნაწილების ამ მიმართულებაზე შეყოვნებაა, რათა მათი გადანაწილება სამხრეთით, იზიუმისაკენ შეფერხდეს.

– გუშინ დაწყებული უკრაინული შეტევა ხერსონის რაიონში დღეს სიღრმეში გაიშალა. უკრაინელებმა კიდევ ოთხ ადგილას გადალახეს მდინარე ინჰულენცი. როგორც გუშინ აღვნიშნე შეტევის ძირითადი ნაწილი მდელოზე, უტყეო ზონაში მიმდინარეობს, კახოვკას მიმართულებით. სავარაუდოა რომ შეტევითი პროცესების წარმატებით განვითარების შემთხვევაში ეს იქნება ძირითადი დაჯგუფება, რომელიც ჩრდილო-დასავლეთიდან მიადგება ცენტრალურ ქალაქებს (კახოვკასა და ხერსონს). შეტევის მეორე ნაწილი სამხრეთით, ხერსონთან დაიწყო. ამ მიმართულებიდან ადრეც იყო მცდელობა მიახლოებოდნენ ქალაქს, თუმცა მაშინ ამ ოპერაციას გარდამტეხი ცვლილება არ მოუტანია.

– სამხრეთში, ზაპორიჟიას რაიონში ჰულიაიპოლესთან რუსული ტექნიკა თავისი შემადგენლობით იქნა განადგურებული. რუსები, რომლებმაც შეტევის წინ საკმაოდ დიდ ნაწილს მოუყარეს თავი უკრაინული პრევენციული დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ. საარტილერიო დუელი შედგა ზაპორიჟია-დონეცკის რაიონების საზღვართანაც, სადაც უკრაინელებმა შეძლეს და რუსული არტილერია დაჯაბნეს.

– უკრაინელებმა მიიღეს იმ რაოდენობით ხომალდსაწინააღმდეგო “ჰარპუნის” ტიპის რაკეტები, რომელთაც რუსული შავი ზღვის ფლოტის განადგურება შეუძლია. როგორც ჩანს ამიერიდან არამხოლოდ ოდესის უსაფრთხოება დასტაბილურდება, არამედ სერიოზული პრობლემები შეექმნება რუსულ ფლოტს ანექსირებულ ყირიმშიც.” – წერს კობერიძე.

უკრაინაში უკვე ჩავიდა ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები  Harpoon, რომელთა ეფექტურობა საბრძოლო მოქმედებების დროს კარგად არის გამოცდილი.

ამერიკულ რაკეტა Harpoon–ს კომპანია Boeing აწარმოებს და ის ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული რაკეტაა მსოფლიოში. მათ სერიულად უშვებენ 1975 წლიდან და ამ ხნის მანძილზე ხომალდსაწინააღმდეგო კომპლექსმა არაერთხელ გაიარა მოდერნიზაცია. რაკეტის გაშვება შესაძლებელია როგორც ხომალდიდან და წყალქვეშა ნავიდან, ასევე ხმელეთიდან ან ჰაერიდან.

მოდიფიკაციაზეა დამოკიდებული მისი ფრენის მაქსიმალური სიშორე. ის შეიძლება 315 კმ–ს აღწევდეს, სიჩქარე კი 864 კმ/სთ–ს.

დასავლეთმა გადაწყვიტა უკრაინას ძლიერი რაკეტები მიაწოდოს, რათა შავი ზღვის დებლოკადა უზრუნველყოს. სამხედრო ექსპერტების აზრით, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ასეთი იარაღის მიწოდება აიძულებს კრემლს ბლოკადაზე უარი თქვას. აგრესორის ფლოტი ახლა შავ ზღვაშია გამოკეტილი. თურქეთმა რუსეთის სამხედრო ხომალდებს საკუთარი სრუტეები ჩაუკეტა.