“უკრაინას კანდიდატის სტატუსი იმ პირობით უნდა მიენიჭოს, თუ მიენიჭება სხვა განმცხადებლებსაც“-ავსტრიის კანცლერი

ავსტრიის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინას უნდა მიენიჭოს იმ პირობით, თუ ეს სტატუსი ამავდროულად სხვა პრეტენდენტებსაც მიენიჭებათ – დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს და მოლდოვას. ამის შესახებ ავსტრიის მთავრობის მეთაურმა ტალინში ესტონეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ავსტრიის პირობაა, რომ თუკი უკრაინას მიენიჭება კანდიდატის სტატუსი, ეს უნდა ეხებოდეს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს და მოლდოვას.

როგორც ავსტრიის კანცლერი აცხადებს, აღნიშნული წინადადება საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისგან წამოვიდა. როგორც მედია იუწყება, იგი ამ დისკუსიაში სამართლიანობის მოწოდებით გამოვიდა და დაასახელა “ყველაზე ცუდი მაგალითი, თურქეთის კანდიდატის სტატუსი, რომელიც 59 წელი გაგრძელდა”. ნეჰამერმა აღნიშნა თურქეთის პირველი განაცხადი “ევროპის ეკონომიურ თანამეგობრობაში“ რომელიც 1960 – იან წლებში გაკეთდა, ხოლო ამჟამად ოფიციალურ ანკარას კანდიდატის სტატუსი 1999 წლიდან აქვს, როდესაც ევროკავშირის წევრობისთვის მეორე განაცხადი 1987 წელს წარადგინა.

თურქეთის გარდა, ევროკავშირის წევრობის კიდევ ოთხი კანდიდატი არიან ჩრდილოეთ მაკედონია, რომელმაც განაცხადი 2004 წელს წარადგინა, მონტენეგრო, რომელმაც 2008 წელს წარადგინა, ალბანეთი და სერბეთი, რომლებმაც 2009 წელს წარადგინეს განაცხადები.