უკრაინას კიდევ ბევრის გაკეთება მოუწევს, რომ ევროკავშირის კრიტერიუმებს შეესაბამებოდეს–ევროკომისიის ხელმძღვანელი

დღეს ევროკომისია უკრაინის, საქართველოს და მოლდოვასთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას განიხილავს.

როგორც კიევში პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, თავად გადაწყვეტილება კიევის განაცხადის შესახებ მომავალი კვირის ბოლომდე იქნება მიღებული.

დადებითი პასუხის შემთხვევაშიც კი, ეს იქნება მხოლოდ პირველი ნაბიჯი ხანგრძლივ პროცესში.

თავიდან ევროკავშირის 27–მა წევრმა ქვეყანამ თანხმობა უნდა მისცეს უკრაინისთვის სტატუსის მინიჭებას, რის შემდეგაც დაიწყება არსებითი მოლაპარაკებები რეფორმებზე, რომლებიც კიევმა აუცილებლად უნდა გაატაროს, რომ ევროკავშირის წევრის კრიტერიუმებს შეესაბამებოდეს.

ამასთან, ფონ დერ ლაიენმა, რომელიც უკვე ორჯერ სტუმრობდა უკრაინის დედაქალაქს ომის დაწყების შემდეგ, შეახსენა ვლადიმირ ზელენსკის, რომ მიუხედავად ადმინისტრაციული და სხვა რეფორმების წარმატებისა, კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

“მართალია თქვენ ბევრი გააკეთეთ კანონიერების განსამტკიცებლად, აუცილებელია სხვა რეფორმებიც, მაგალითად კორუფციასთან საბრძოლველად“.

თავის მხრივ, ვლადიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის ხელმძღვანელს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ “რუსეთის სამიზნე მთელი ევროპაა და უკრაინა – ეს მხოლოდ აგრესიის პირველი სტადიაა.“

 

“აი, რატომ შეიძლება იქცეს ევროკავშირის დადებითი პასუხი უკრაინისთვის დადებით პასუხად კითხვაზე, აქვს თუ არა მომავალი ევროპულ პროექტს“– თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.