უკრაინაში ახალი ტიპის HIMARS-ის რაკეტები შედის, რომლებიც თავისი დამანგრეველი ეფექტით ბევრად ძლიერი და საშიშია – კობერიძე

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტი, GIPA–ს პროფესორი გიორგი კობერიძე უკრაინის ფრონტებზე 30 სექტემბრის მდგომარეობას აჯამებს:

”იმ დროს, როდესაც მოსკოვში უკრაინის ტერიტორიების ანექსიასთან დაკავშირებული ბალი და ზეიმია მინიმუმ 3000 რუსი სამხედრო ალყაშია მოქცეული ლიმანში. ერთადერთი გასასვლელი კრემინასაკენ მიდის და ისიც უკრაინული სრული საცეცხლე კონტროლის ქვეშაა. ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით, კი ეს გასასვლელიც უკვე ჩაკეტილი აქვთ უკრაინელებს, თუმცა სანამ ზარიჩნე მათ ხელში არ მოექცევა სრული ალყა შეიძლება ვერ შეიკრას. რუსი სამხედროების ნაწილებმა პოზიციების მიტოვება ტყისა და ჭაობების გავლით სცადა, თუმცა უმეტესწილად, უშედეგოდ. ტყვეების აყვანა ან/და გაქცეულთა განეიტრალება მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს, ხოლო უკრაინული არტილერია და საჯარისო ფორმირებები ლიმანს დასავლეთიდან უტევენ.

როდესაც პოლიტიკოსი უწევს ხელმძღვანელობას სამხედრო საქმეს იქ უგუნური გადაწყვეტილებების შანსი ძალიან მაღალია – იმ ფონზე, რომ კრემლს ლიმანის დაკარგვით ზეიმში პრობლემა არ შეჰქმნოდა საკუთარი სამხედროები ალყაში ჩატოვა. ეს კი ყველაზე კარგად მიუთითებს თუ როგორ იმართება რუსეთის არმია და რამდენად დიდი და კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ხელმძღვანელობას.

სავარაუდოა, რომ უკრაინელები ლიმანის აღებას ამ ღამიდან მოყოლებული შეეცდებიან. რეალურად კი შესაძლოა სამი სცენარით განვითარდეს მოვლენები:

1. რუსების ნაწილები მცირე-მცირე ჯგუფებად აღმოსავლეთით გასვლას შეეცდებიან. მათი ნაწილი ტყვედ ჩავარდება, ნაწილი ბრძოლით თუ ფარულად შეძლებს გაღწევას; ტექნიკის დიდი ნაწილი ლიმანში დარჩება. ეს სცენარი ყველაზე რეალისტურია.

2. ალყაში მყოფები ბოლომდე იბრძოლებენ და რეზერვის მოსვლის იმედად შეეცდებიან პოზიციების შენარჩუნებას. რუსული რეზერვი მოვა თუ არა და მიაღწევს თუ არა ლიმანამდე სხვა საკითხია. ვფიქრობ კრემლი შეეცდება ეს ბრძანება აღასრულოს, მაგრამ შესაძლოა ყველა დიდი მსხვერპლი მიიღოს.

3. ლიმანში მყოფი ჩარჩენილი დაჯგუფება უბრძოლველად დაყრის იარაღს და ჩაბარდება. ამ სცენარის რეალისტურობა იმაზეა დამოკიდებული რამდენიმე ადამიანია დარჩენილი ლიმანში.

– უკრაინელებმა სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი დასახლება იამპილი გაათავისუფლეს. მდინარე ჩრდილოეთის დონეცის ის ნაწილი, რომელიც დონეცკის რაიონში მდებარეობს მთლიანად უკრაინელთა ხელშია. რუსებს მდინარის მხოლოდ ის ნაწილიღა აქვთ ოკუპირებული, რომელიც ლუგანსკის რაიონშია მოქცეული.

– რუსებმა წუხელ მშვიდობიანი ქალაქები – მიკოლაივი, ზაპორიჟია და დნიპრო დაბომბეს. სამიზნეები შეგნებულად მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო. დაიხოცა ათობით მშვიდობიანი მოქალაქე და პატარა ბავშვები. ერთი ოჯახი, რომლის სახლსაც რუსული რაკეტა დაეცა მთლიანად განადგურდა – დედა, მამა და ორი არასრულწლოვანი ბავშვი. მხოლოდ შინაური ძაღლი დარჩა ცოცხალი.

– ხერსონში, ოკუპირებული რეგიონის რუსული უსაფრთხოების განყოფილების უფროსის მოადგილე ალექსეი კატერინიჩევი პარტიზანებმა ააფეთქეს და მოკლეს.

– უკრაინაში შედის HIMARS-ის ახალი ტიპის რაკეტები, რომლებიც თავისი დამანგრეველი ეფექტით ბევრად ძლიერი და საშიშია, განსაკუთრებით კი ცოცხალი ძალის წინააღმდეგ – M30A1 აფეთქების შემდეგ ნაწილებად იშლება და ირგვლივ ყველაფერს ანადგურებს. ცოცხალი ძალის განადგურების ეფექტი განსაკუთრებით მძლავრი აქვს, ხოლო ჯავშანში შეღწევადობის უნარი – გამორჩეულად დიდი.

– უკრაინამ დღეს ოფიციალურად მიმართა ნატოს ალიანსში დაჩქარებული წესით გაწევრიანების შესახებ. ნატოს გენერალურმა მდივანმა თავის გამოსვლაში ამაზე განცხადება არ გააკეთა, თუმცა აღნიშნა, რომ ყველა ცივილიზებული ადამიანი თუ სახელმწიფო დღეს უკრაინას უჭერს მხარს და ამ ფონზე უკრაინას სრული უფლება აქვს დაუბრუნოს თავისი დაკარგული ყველა ტერიტორია, ხოლო ბირთვული იარაღის გამოყენება რუსეთს დაანგრევს. საკმაოდ დალაგებულად, ცივი გონებითა და მშვიდად გააკეთა მან ეს განცხადება.” – აცხადებს, კობერიძე.