რუსული “ზეზუსტი“ ფრთოსანი რაკეტების 60%–მა, რომლებიც რუსეთის არმიამ უკრაინაში გაუშვა არ იმუშავა– წერს სააგენტო როიტერი ამერიკული ადმინისტრაციის წყაროებზე დაყრდნობით.
ამ მონაცემებით აიხსნება, რატომ ვერ მოახერხა მოსკოვმა ბევრი ამოცანის შესრულება, მაგალითად უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის განეიტრალება.
ვაშინგტონის გათვლებით, ყოველდღიურად წარუმატებელი გასროლების წილი მერყეობს, და ხანდახან 50–60%–ს აღწევს.
როიტერი სამ ანონიმურ წყაროს ეყრდნობა ვაშინგტონიდან. სააგენტოს წყაროოები არ აკონკრეტებენ, რა მონაცემებს ეფუძნება მათი ინფორმაცია, ან რასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული მსგავსი ტექნიკური პრობლემები – არასწორ გაშვებასთან თუ იმ მექანიზმების მოშლასთან, რამაც აფეთქება უნდა გამოიწვიოს.
ამ კვირას, ამერიკის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს უთხრეს, რომ ომის დაწყებიდან დღემდე პენტაგონმა უკვე დაითვალა უკრაინის მიმართულებით გაშვებული 1000-ზე მეტი სხვადასხვა რაკეტა.
როგორია წარუმატებელი სარაკეტო გასროლების “საყოველთაოდ მიღებული ნორმა“ რთული სათქმელია, თუმცა სააგენტოს მიერ გამოკითხული სამხედრო ექსპერტების თქმით, 20%–ზე მეტი “წუნდებული“ რაკეტების წილი საკმაოდ მაღალ მაჩვენებლად ითვლება.