უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 31 წლის ნიკა გელენიძე დაიღუპა. ის ბახმუტთან იბრძოდა, სადაც დაბომბვის შედეგად დაიღუპა. ის უკრაინაში დანაყოფ „თბილისის“ რიგებში იბრძოდა. ოჯახის თქმით ის უკრაინაში 5 სექტემბერს წავიდა.გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი სამხედრო თანამებრძოლებთან ერთად ფრონტის ხაზიდან 29 ოქტომბერს დაღუპული ლევან ლობჟანიძის ცხედრის გამოყვანას ცდილობდა, რა დროსაც დაბომბვაში მოყვა და ადგილზე დაიღუპა.
ნიკა გელენიძე აფხაზეთიდან დევნილია და ოჯახთან ერთად ფოთში ცხოვრობდა. ჯერ უცნობია, როდის მოხდება მისი საქართველოში გადმოსვენება.
ნიკოლოზ გელენიძე 57-ე ქართველი მებრძოლია, რომელიც უკრაინაში ომის დაწყებიდან დაიღუპა. უკანასკნელ ერთ კვირაში უკრაინაში მეოთხე ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
ორი დღის წინ დონეცკის მიმართულებაზე შეტევითი ოპერაციის დროს ქართული ლეგიონის ორი მებრძოლი, რამაზ ფეტელავა და ბექა ლომაშვილი დაიღუპნენ. ქართული ლეგიონის ინფორმაციით დაიჭრა ცხრა მებრძოლი, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა.