უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ავტობუსში მძევლების აყვანის ფაქტს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. ამის შესახებ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ივან ბაკანოვმა განაცხადა.
მისი თქმით, ამჟამად ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლები აკეთებენ ყველაფერს, რათა მძევლები, რაც შეიძლება, სწრაფად გათავისუფლდნენ.
„ვითარება მოითხოვს ყველა სამართალდამცავი სტრუქტურის შეთანხმებულ მოქმედებას. ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ. ეს პროცესები, როგორც წესი, არ არის საჯარო და საზოგადოების ყველა კითხვას შევძლებთ მას შემდეგ ვუპასუხოთ, რაც ყველა მძევალი სრულიად უსაფრთხოდ იქნება. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ“ , – განაცხადა ბაკანოვმა.
შეგახსენებთ, უკრაინის ქალაქ ლუცკში შეიარაღებულმა პირმა ავტობუსი გაიტაცა და მგზავრები მძევლად აიყვანა, გატაცებამდე მამაკაცმა, რომელიც საკუთარ თავს „მაქსიმ პლახოის“ უწოდებს, ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ყველას ულოცავს „ანტისისტემის“ დღეს და აცხადებს, რომ „სახელმწიფო – პირველი ტერორისტია.“ მამაკაცი მოითხოვს, რომ მაღალჩინოსნებმა ვიდეომიმართვა ჩაწერონ, სადაც იტყვიან, რომ „კანონიერი ტერორისტები“ არიან. კერძოდ, ის აღნიშნული შინაარსის ვიდეომიმართვის გავრცელებას სასამართლოების, სამინისტროების, პროკურატურის, პარლამენტისა და ეკლესიის მეთაურებისგან ითხოვს.