გაზეთი Wall Street Journal ანონიმურ მაღალჩინოსან წყაროებზე დაყრდნობით რუსეთის უკრაინაში შეჭრის ტაქტიკის ცვლილებაზე საუბრობს.
თავიდან აშშ და მისი მოკავშირეები პუტინის პირველად ამოცანად კიევის რამდენიმე დღეში აღებას და ზელენსკის მთავრობის პრორუსული ხელისუფლებით შეცვლას თვლიდნენ.
სამზე მეტი კვირის მანძილზე ბრძოლების შედეგად ეს ვერ მოხერხდა, რამაც გამოცემის მონაცემებით პუტინს ტაქტიკის შეცვლა გადააწყვეტინა.
რუსეთის პრეზიდენტის ახალი განზრახვების შეფასების თანახმად, ის ცდილობს კიევი აიძულოს უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ტერიტორიებზე რუსეთის პრეტენზიები დააკმაყოფილოს.
“2014 წელს როგორც ყირიმის, ისე დონბასის რაიონების დაპყრობის შემდეგ რუსეთი ცდილობს სახმელეთო კავშირი უზრუნველყოს უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილსა და ყირიმის ნახევარკუნძულს შორის, ასევე გააფართოვოს დონბასზე რუსეთის კონტროლი.
თუ ტერიტორიული მოთხოვნები და უკრაინის ნეიტრალიტეტის შესახებ მოთხოვნები უარყოფილ იქნება, პუტინი როგორც მოსალოდნელია, შეეცდება შეინარჩუნოს ყველა ის ტერიტორია, რომელიც რუსეთის ჯარებმა დაიკავეს და ამისთვის ბრძოლას განაგრძობს,“ ამბობენ აშშ–ს ოფიციალური პირები, რომელთა ვინაობას გამოცემა არ ასახელებს.
“ჩვენი სამხედრო შეფასებებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს ის ალყის ტაქტიკას უბრუნდება“– ამბობს აშშ–ს ადმინისტრაციის ჩინოვნიკი.
ამასთან, პუტინმა შეიძლება გააფართოვოს მისი სამხედრო მიზნები, თუ ამჟამად დასახული ამოცანები წარმატებით შეასრულა.
“უკრაინის დედაქალაქის სტატუსი ღია საკითხად რჩება, და თუ უკრაინის ძლიერ წინააღმდეგობას გავითვალისწინებთ, გაუგებარია, შეძლებენ თუ არა რუსი სამხედროები საკმარისი ჯარისკაცების მობილიზებას იმისთვის, რომ კიევი ალყაში მოაქციონ და აიღონ“– ამბობენ გაზეთის რესპოდენტები.
თავის მასალაში Wall Street Journal აღნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინის სტრატეგიის მათეული ინტერპრეტაცია ეს არ არის დაზვერვის სპეციალისტების ოფიციალური შეფასების შედეგი, არამედ მხოლოდ აშშ–ს ზოგიერთი ოფიციალური პირის მოსაზრება, რომლებსაც საიდუმლო ინფორმაციაზე აქვთ წვდომა.