უკრაინა ახლა ცეცხლის შეწყვეტაზე არ წავა–ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამჟამინდელ სიტუაციაში უკრაინა ცეცხლის შეწყვეტაზე არ წავა და არ აპირებს რუსეთთან არანაირი ახალი “მინსკის შეთანხმებები დადოს“, რადგან ეს მხოლოდ ტერიტორიების დაკარგვას გამოიწვევს.

“იმ წერტილში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმისთვის მზად არ ვართ. ჩვენ განვმარტეთ, რომ მინსკი3 და მინსკი5  ან მინსკი7 არ იქნება. ჩვენ ამ თამაშებს არ ვითამაშებთ, ჩვენ ასე დავკარგეთ ჩვენი ტერიტორიების ნაწილი. და ეს ყველას კარგად ესმის, ყველამ მოისმინა ეს ჩვენგან, იმიტომ რომ ეს არის ხაფანგი“– განაცხადა ზელენსკიმ სამშაბათს, “ ყირიმის პლატფორმის“ საერთაშორისო სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ზელენსკიმ განმარტა, რისი ეშინია უკრაინას: დროებითი ზავი შეიძლება წლობით გაგრძელდეს, შედეგად კი ქვეყანა სამუდამოდ დაკარგავს რუსეთის მიერ დაპყრობილ ტერიტორიებს სამხრეთში, შემდეგ კი რუსეთი შეძლებს კვლავ დაესხას თავს და დაიპყროს უკრაინის სამხრეთის დარჩენილი ნაწილი: ნიკოლაევი, ოდესა, და როგორც ზელენსკიმ თქვა, შეიძლება კიდევ სცადოს კიევის დაპყრობა.