პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინა უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს დასავლელ პარტნიორებთან თვითმფრინავების და ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების მიწოდებაზე.
მისი თქმით, უკრაინას სჭირდება რაკეტები, რათა გაანადგუროს საბრძოლო მასალის საწყობები ყირიმში, თვითმფრინავები კი, პირველ რიგში, ფრონტის ხაზზე სახმელეთო ძალების ჰაერიდან დასაცავად.
„არა მგონია, რომ ომის ფარგლებში ვინმემ ეს ვერ გაიგოს. ამიტომ, ჯერ ერთი, უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მეორეც, მოლაპარაკებები დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს და მესამე, ეს ყველა პარტნიორს კარგად ესმის“–განაცხადა მან FreeDom-თან ინტერვიუში.
ამავდროულად, პოდოლიაკმა აღიარა, რომ ჯერ კიდევ არსებობს ნიუანსები “პარტნიორ ქვეყნებში შიდა ფსიქოლოგიურ სტატუსთან დაკავშირებით”: უკრაინის ზოგიერთ მოკავშირეს ჯერ კიდევ არ შეუძლია უარი თქვას შიდა კონსერვატიზმზე, უკრაინის ომის ფონზე მსოფლიო არქიტექტურაში ცვლილებების შიშის გამო–თქვა მან, თუმცა დაუკონკრეტებია რაზეა საუბარი. მაგრამ გამოთქვა რწმენა, რომ თვითმფრინავებისა და შორი დისტანციის რაკეტების შესახებ მოლაპარაკებები მალე წარმატებით დაგვირგვინდება.
როგორც მანამდე ესპანური გაზეთი El Pais იტყობინებოდა, უკრაინის საჰაერო ძალების წარმომადგენლის იური იგნატის სიტყვებზე დაყრდნობით, უკრაინას სურს მიიღოს გამანადგურებლების პირველი პარტია – 24 ერთეული თვითმფრინავი.
ამავდროულად, კიევი იმედოვნებს ამერიკულ F-16-ების მიღებას, მაგრამ ასევე განიხილავენ ვარიანტებს შვედური გამანადგურებელი Gripen-თან ან ფრანგულ Rafale-თან დაკავშირებითაც.
მოგვიანებით, უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში იგნატმა განმარტა, რომ უკრაინა თვითმფრინავებთან დაკავშირებით ამჟამად მხოლოდ მოლაპარაკების ეტაპზეა. თვითმფრინავების მოდელები და მათი რაოდენობა ჯერ კიდევ დგინდება.
”ყველაფერი უნდა გაკეთდეს ეტაპობრივად, მათ შორის, მფრინავების და ტექნიკური პერსონალის მომზადების გათვალისწინებით,” – ციტირებს Interfax-Ukraine-ს საჰაერო ძალების სარდლობის წარმომადგენელს– ”აქედან გამომდინარე, თავიდან შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ შეიძლება იყოს ორი ესკადრილია. და ერთი ესკადრილია 12 თვითმფრინავია“.
ზოგადად, მისი თქმით, უკრაინას სჭირდება ბევრად უფრო თანამედროვე მრავალფუნქციური თვითმფრინავი, რომელიც დაიცავს ქვეყნის ცას.