დაარტყამს თუ არა უკრაინა რუსულ სამხედრო ობიექტებს – პოდოლიაკის განმარტება

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხეილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინა თავს ყველანაირად დაიცავს, მათ შორის, რუსულ სამხედრო ობიექტებზე დარტყმებით. ამით ის ენტონი ბლინკენის განცხადებას ეხმიანება.

“უკრაინამ უნდა გადაწყვიტოს დაარტყას თუ არა რუსეთის სამხედრო ობიექტებს, განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და დახოცა მშვიდობიანი მოსახლეობა. უკრაინა თავს დაიცავს ყველანაირად, მათ შორის მკვლელი რუსების საწყობებსა და ბაზებზე დარტყმებით. მსოფლიო აღიარებს ამ უფლებას”,– დაწერა პოდოლიაკმა ტვიტერზე.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პოზიციაა, რომ ლეგიტიმურია უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე თავდასხმა. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლასის თქმით, მისაღები იქნება, თუ უკრაინული ძალები რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე თავდასხმისთვის დასავლურ იარაღს გამოიყენებენ.

დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ დასავლეთის ქვეყნები, განსაკუთრებით კი დიდი ბრიტანეთი გააფრთხილა, რომ “არ გამოსცადონ რუსეთის მოთმინება” და არ წაახალისონ რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები.