აშშ–ს პრეზიდენტის განცხადებას, თითქოს უკრაინას “გაფრთხილებების გაგონებაც არ უნდოდა რუსეთის შეჭრის მზადების შესახებ“ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელიც პასუხობს:
“ თუ უკრაინა ომისთვის არ ემხადებოდა, რატომ მოხვდა პირველი დარტყმები მაკეტებს, რატომ იქნა ყველა საბრძოლო მასალა მიმოფანტული, იანვარმა და თებერვალმა კი სწავლებებში ჩაიარა? უკრაინა ომისთვის გასული წლიდან ემზადებოდა: მოსალოდნელი აგრესიის შესახებ ინფორმაციას არა მხოლოდ დასავლური დაზვერვები გვაძლევდნენ, არამედ ჩვენიც“– დაწერა პოდოლიაკმა ტვიტერზე.
“საკითხი ასე იდგა: კონკრეტულად რა მაშტაბის იქნებოდა რუსეთის შემოჭრა“ –თქვა პოდოლიაკმა მედიასთან ინტერვიუში. ჩინოვნიკის თქმით, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე დაბომბვის ინტენსივობის პროგნოზირება შეუძლებელი იყო.
“და ბოლოს, მთავარი. ჩემი აზრით, არასწორია რამეში დაადანაშაულო ქვეყანა, რომელიც 100 დღეზე მეტია ეფექტურად იბრძვის სრულფასოვან ომში ბევრად უფრო დიდი რესურსების მქონე მოწინააღმდეგესთან, თუ საკვანძო ქვეყნებმა ვერ შეძლეს პრევენტულად რუსეთის მილიტარისტული მადის შეკავება, როცა მის შესახებ კარგად იცოდნენ“– ამბობს პოდოლიაკი.
შეგახსენებთ – აშშ–ს პრეზიდენტმა განაცხადა, თითქოს ვლადიმირ ზელენსკი ყურადღებას არ აქცევდა მის გაფრთხილებას იმის თაობაზე, რომ რუსეთი თებერვალში უკრაინაში შეიჭრებოდა.
“ვიცი, ბევრი ვარაუდობდა, რომ მე შეიძლება ვაჭარბებდი, მაგრამ მე ვიცოდი, და ჩვენ გვქონდა დადასტურებული მონაცემები, რომ პუტინი საზღვრის გადაკვეთას აპირებდა. ეჭვი აღარ გვეპარებოდა. ზელენსკის ამის გაგონება არ უნდოდა, ისევე, როგორც ბევრ სხვას“– თქვა ბაიდენმა.
აშშ–ს პრეზიდენტის განცადებას ზელენსკის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმაც უპასუხა:
“ფრაზა “გაგონება არ უნდოდა“, ალბათ დაზუსტებას მოითხოვს. ამასთან, თუ გახსოვთ, უკრაინის პრეზიდენტი პარტნიორებს მოუწოდებდა პრევენტული სანქციების პაკეტის მიღებას, რათა რუსეთი ეიძულებინათ ჯარი საზღვრიდან მოეშორებინა და სიტუაციის დეესკალაცია მომხდარიყო. აი, აქ უკვე იმის თქმა შეიძლება, რომ “ჩვენს პარტნიორებს არ უნდოდათ ამის გაგონება“– თქვა ნიკიფოროვმა.