უკრაინა საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთი დაუყოვნებლივ დატოვონ

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს ურჩევს, თავი შეიკავონ რუსეთის ფედერაციაში ყოველგვარი მოგზაურობისგან, ხოლო ვინც ამჟამად იქ იმყოფება, ქვეყანა დაუყოვნებლივ დატოვონ.

“უკრაინის მიმართ რუსეთის გაძლიერებული აგრესიის ფონზე, რამაც, სხვა საკითხებთან ერთად, შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე საკონსულო დახმარების გაწევის შესაძლებლობების მნიშვნელოვანი შეზღუდვა, საგარეო საქმეთა სამინისტრო რეკომენდაციით მიმართავს უკრაინის მოქალაქეებს თავი შეიკავონ რუსეთში ნებისმიერი მგზავრობისგან, ხოლო მათ, ვინც იმყოფება ამ ქვეყანაში, დაუყოვნებლივ დატოვონ ტერიტორია”, – ნათქვამია საგარეოს განცხადებაში.

ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა, შემდეგ კი დონბასში ჯარების შეყვანის ბრძანება გასცა “მშვიდობის დამყარების მიზნით”. გუშინ რუსეთის ფედერაციის საბჭომ პუტინს უცხოეთში ჯარების გაგზავნის ნებართვა მისცა.