უკრაინის რადას თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი აცხადებს, რომ შალვა პაპუაშვილმა უკრაინაში ვიზიტის მზადყოფნა პირადად დაუდასტურა.
“ძალიან მიხარია, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის არსებული მცირე გაუგებრობები ამოიწურა. ეს ვიზიტი საშუალებას მისცემს ქართველ პარლამენტარებს, თავად ნახონ, რა ხდება უკრაინაში და დაადასტურონ ჩვენი მეგობრული ურთიერთობა!
გულწრფელად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ ვიპოვით ყველა საკონტაქტო წერტილს, რათა გავაგრძელოთ ჩვენი ნათელი მომავლის ერთად აშენება. და ჩვენ ბევრად მეტი გვაქვს საერთო, ვიდრე ის, რაც გამოგვარჩევს”,– წერს სტეფანჩუკი Facebook-ზე.
ცნობისთვის, დღეს შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში მის ვიზიტს “მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია”. მისი განმარტებით, სტეფანჩუკთან პირადმა კომუნიკაციამ და მისმა გუშინდელმა ინტერვიუმ “იმედის” ეთერში დაარწმუნა, რომ “არსებობს ყველა უხერხულობის და გაუგებრობის მოგვარების შესაძლებლობა”.