უკრაინა ტყვეების და გარდაცვლილების სახეების ამოსაცნობად ყველაზე ცნობილ და სადავო ტექნოლოგიას იყენებს

კომპანია   Clearview–მ მარტში განაცხადა, რომ სახეების ამოცნობის საკუთარი ტექნოლოგია უკრაინის მთავრობას გადასცა.

ბიბისი–მ დაადგინა, რომ ეს ტექნოლოგიები უკვე გამოიყენებოდა ათასზე მეტ შემთხვევაში როგორც ცოცხლების, ისე მოკლული სამხედროების ამოსაცნობად.

რამდენადაც ცნობილია, უკრაინაში ტექნოლოგია ხშირად გამოიყენებოდა ტყვეების და მოკლული რუსი ჯარისკაცების ამოსაცნობად.

Clearview სახეების ამოცნობის ყველაზე ცნობილი და ყველაზე სადაო სისტემაა მსოფლიოში. წარსულში მასთან სერიოზული კითხვები არსებობდა პერსონალური მონაცემების შეგროვების მეთოდების ეთიკურობასთან დაკავშირებით.

კომპანიამ მილიარდობით ფოტო მოაგროვა სოციალური ქსელებიდან, როგორიც არის ფეისბუქი და ტვიტერი, რათა უზარმაზარი მონაცემთა ბაზა შეექმნა და სახეების მიხედვით ადამიანების ძებნის სისტემა აეწყო.

კომპანია მთელ რიგ იურიდიულ პრობლემებს წააწყდა. ფეისბუქმა, იუთუბმა, გუგლმა და ტვიტერმა მას წერილები გაუგზავნეს მოთხოვნით, შეეწყვიტა მათი გვერდებიდან გამოსახულებების გამოყენება.

დიდმა ბრიტანეთმა კომპანია დააჯარიმა იმის გამო, რომ მან ადამიანებს არ აცნობა, რომ მათ ფოტოებს აგროვებდა.

ახლაც  Clearview –ს ტექნოლოგიის უკრაინის მთავრობის მიერ გამოყენებამ შეკითხვები გამოიწვია აქტიურ ომში ამ ტექნოლოგიის გამოყენების შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით.

საქმე იმაშია, რომ სახეების ამოცნობის ტექნოლოგია წინ წავიდა, თუმცა ის კვლავ არ არის სრულყოფილი და ხანდახან შეიძლება შეცდომებიც დაუშვას. ომში კი ასეთი შეცდომა შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ ადამიანი მოწინააღმდეგის ჯარისკაცად ჩათვალონ.

“ეს არ უნდა იყოს ტექნოლოგია, რომელზეც ადამიანის სიკვდილ–სიცოცხლეა დამოკიდებული. თუ ვერ გადიხართ შემოწმებას, შეიძლება ციხეში ჩაგსვან, ან ღმერთმა ნუ ქნას, შეიძლება მოგკლან კიდევაც. ეს სულაც არ არის ის, როგორც უნდა გამოიყენებოდეს ეს ტექნოლოგია.“– ამბობს სახეების ამოცნობის ექსპერტი კონორ ჰილი.

თვალთვალის ტექნოლოგიების ზედამხედველობის პროექტის ექსპერტი, ალბერტ ფოქს კანი ტექნლოგიას “ადამიანის უფლებების სფეროში მოსალოდნელ კატასტროფას“ უწოდებს:

“როცა სახეების ამოცნობის ტექნოლოგია მშვიდობიან დროს შეცდომას უშვებს, ადამიანებს აპატიმრებენ, როცა ეს ბრძოლის ველზე ხდება, შეიძლება უდანაშაულო ადამიანები დახვრიტონ“– ამბობს ის.

უკრაინის მთავრობამ ჯერჯერობით ბიბისი–ს არ უპასუხა შეკითხვაზე  Clearview–ის ტექნოლოგიის გამოყენებასთან დაკავშირებით.