უკრაინა Starstreak–ის ანტისარაკეტო კომპლექსების გამოსაყენებლად მზად არის–ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლესის განცხადებით, უკრაინელ სამხედროთა ნაწილმა უკვე გაიარა წვრთნა ბრიტანული წარმოების ანტისარაკეტო კომპლექსების გამოსაყენებლად.

გადასატანი საზენიტო–სარაკეტო კომპლექსები Starstreak, რომლებიც უკრაინას გადაეცა, ამჟამად რუსეთის ავიაციის წინააღმდეგ შემდგომი გამოყენებისთვის მზადდება. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის თქმით, Starstreak–ის პირველი საზენიტო–სარაკეტო კომპლექსები, რომლებიც დაბალ სიმაღლეზე მფრინავი მტრის ავიაციის გასანადგურებლად არის განკუთვნილი, მალე სრულ მზადყოფნაში იქნება.

ბენ უოლესი დარწმუნებულია, რომ პუტინმა უკვე წააგო უკრაინასთან ფართომაშტაბიანი ომი, საკუთარი ხალხი კი მას დაიმახსოვრებს როგორც ადამიანს, რომელმაც სასიკვდილოდ გაუშვა ათასობით ახალგაზრდა რუსი ჯარისკაცი.

“ის ემახსოვრებათ როგორც ადამიანი, რომელიც ამბობდა, რომ მისი შეიარაღებული ძალები დაუმარცხებელი იყო, სინამდვილეში კი აღმოჩნდა, რომ ცუდად იყო აღჭურვილი. და ის ალბათ, დარჩენილ ცხოვრებას იმის ლოდინში გაატარებს, როდის დაპატიჟებენ ჩრდილოეთ კორეის ყოველწლიურ ზეიმებზე.“–უთხრა მან ჟურნალისტებს.

Starstreak– ეს არის ბრიტანული გადასატანი საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი, რომელიც დაბალ სიმაღლეზე მტრის ავიაციის გასანადგურებლად არის განკუთვნილი. ამ შეიარაღებით შესაძლებელია ობიექტის განადგურება 5 კილომეტრის მანძილზე. Starstreak–ის რაკეტას შეუძლია 4200 კილომეტრ/საათის სიჩქარე განავითაროს, ერთი რაკეტის ღირებულება კი 1300 დოლარია.

შეგახსენებთ, რომ პირველად ინფორმაცია უკრაინისთვის ბრიტანული Starstreak–ების გადაცემის შესახებ 9 მარტს გამოჩნდა. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა აღნიშნა, რომ ბრიტანეთის მიერ კიევისთვის გადაცემული შეიარაღება მას საშუალებას მისცემს ცა რუსული ავიაციისთვის ჩაკეტოს.

16 მარტს უოლემა დაადასტურა, რომ Starstreak–ები უკრაინაში უკვე გაიგზავნა. მან არ დააკონკრეტა, რა რაოდენობით კომპლექსები გაუგზავნა ლონდონმა კიევს.