რუსეთის სრულმაშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან მესამე დღესვე ავტორიტეტულმა უკრაინულმა სოციოლოგიურმა ჯგუფმა “რეიტინგი“ დაიწყო პირველი საერთონაციონალური კვლევა ომის თემაზე. დღეისათვის კი უკვე 17 ასეთი კვლევაა ჩატარებული.
ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ალექსეი ანტიპოვიჩი ამბობს, რომ ამ დროისთვის უკრაინის საბოლოო გამარჯვების უკრაინელების 90%–ზე მეტს ჯერა, თუმცა, ამ გამარჯვების დროით ჩარჩოებზე რესპოდენტების პოზიცია შეიცვალა – თუ გაზახულზე უმრავლესობა რამდენიმე კვირას ასახელებდა, ახლა გამარჯვებისთვის საჭირო ვადად რესპდენტები 6–12 თვეს ასახელებენ. 50–60 პროცენტისთვის გამარჯვება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ნიშნავს 1991 წლის საზღვრებში, თუმცა არსებობს უფრო რადიკალური განწყობებიც.
ანტიპოვიჩის თქმით, მართალია ხელისუფლებით უკმაყოფილების და არჩევნებიდან მალევე მისი შეცვლის სურვილი უკრაინელებისთვის დამახასიათებელია, ამჟამად პრეზიდენტის ქმედებებით კმაყოფილების მაჩვენებელი 84 %–იან ნიშნულზეა. ზელენსკის ასეთი მაღალი მაჩვენებლები მისდამი ნდობის პიკზე – 2019 წელსაც კი არ ქონია. ანტიპოვიჩი ამბობს, რომ უკრაინელები ზოგადად, ყოველთვის უარყოფითად იყვნენ განწყობილი ხელისუფლების მიმართ, შესაძლოა ეს გარკვეული მენტალური თავისებურებაა, რადგან უკრაინაში ხელისუფლება ყოველთვის “უცხო“ იყო. ზელენსკიმ კი ეს თავისებურება დაანგრია.
ანტიპოვიჩი ასევე აღნიშნავს რუსული ენის პოპულარობის კლებას. თუ ომამდე ყოველდღიურ ცხოვრებაში რუსულ ენას უკრაინელების დაახლოებით მეოთხედი იყენებდა, ახლა ამას მხოლოდ 13% აკეთებს.
ამჟამად, უკრაინელების 76% უკრაინულს მშობლიურ ენას უწოდებს. 2012 წელს ასეთი მხოლოდ 57% იყო. ამ მაჩვენებლის ზრდა დიდი ხანია გრძელდება–დაახლოებით 2014 წლიდან. უკრაინელების 86% თვლის, რომ უკრაინული ენა ერთადერთი სახელმწიფო ენა უნდა იყოს. ომამდე ამ აზრს მხოლოდ ორი მესამედი იზიარებდა.
რუსული ენისთვის მეორე სახელმწიფო ენის სტატუსის მინიჭებას ამჟამად უკრაინელების მხოლოდ 3% უჭერს მხარს.
ბოლო კვლევა აჩვენებს, რომ განსხვავება მოსახლეობის განწყობებში უკრაინის რეგიონებს შორის თანდათანობით მცირდება.
უკრანელების დამოკიდებულება თვითაღიარებული რესპუბლიკებისა და ყირიმის მიმართ ომის მსვლელობის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუარესდა. ანტიპოვიჩი თვლის, რომ ამ რეგიონების მაცხოვრებლების ინტეგრირება საკმაოდ მტკივნეული პროცესი იქნება.
უკრაინელების 99%–ზე მეტი ეთანხმება თეზისს – “რუსეთი მტერია“. მარტში უკრაინელების 13% დადებითად იყო განწყობილი რუსების მიმართ. აპრილში 8%, აგვისტოში კი 3%.
გამოკითხულთა 80% ვერ ხედავს რუსებთან ურთიერთობის აღდგენის ვერანაირ შესაძლებლობას, ან ამბობს, რომ ამას 20–30 წელი დაჭირდება.