უკრაინამ წარმატებით დაიწყო ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების, HIMARS–ის გამოყენება რუსეთის სამეთაურო პუნქტებზე შეტევისთვის – წერს CNN აშშ–ს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით, რომლის ვინაობა არ სახელდება.
სანამ აშშ უკრაინაში საბრძოლო მასალების გასაგზავნად ემზადება გაუმჯობესებული სარაკეტო სისტემა HIMARS–ისთვის, უკრაინულმა ძალებმა უკვე მიაწიეს მნიშვნელოვან წარმატებებს ამ სისტემების გამოყენებაში, რუსების სამხედრო სამეთაურო პუნქტების გასანადგურებლად და ბრძოლის ველზე მათი შესაძლებლობების შესამცირებლად – უთხრა ჟურნალისტებს პენტაგონის მაღალჩინოსანმა.
“უკრაინელები ახერხებენ ზუსტად აარჩიონ სამიზნეები, რაც უფრო წარმატებით უთხრის ძირს რუსების ძალისხმევას, ვიდრე ეს ახლო რადიუსის სისტემების გამოყენების დროს იქნებოდა შესაძლებელი. “–თქვა ჩინოვნიკმა.
მისი განცხადებით, უკრაინელი სამხედროები სულ ცოტა ხანია რაც HIMARS–ებს იყენებენ, მაგრამ ამას ძალიან ეფექტურად აკეთებენ სწავლების ხანმოკლე კურსის შემდეგ, რომელიც სულ ახლახანს დასრულდა. მინიმუმ ოთხი სისტემა უკრაინას უკვე მიაწოდეს, კიდევ ოთხს კი აშშ–ს ხელისუფლების დაპირების თანახმად უკრაინა მალე მიიღებს.
“თქვენ ხედავთ, უკრაინელები რა მეთოდურად არჩევენ სამიზნეებს და შემდეგ რა ზუსტად მიაქვთ დარტყმა ამ სამიზნეებზე, და ამგვარად, რუსეთის საბრძოლო პოტენციალს თანმიმდევრულად ამცირებენ“– თქვა მან.
ჩინოვნიკმა ასევე კომენტარი გააკეთა კრემენჩუგის სავაჭრო ცენტრზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ და უარყო მოსკოვის განცხადება, თითქოს მათ სამოქალაქო ობიექტებზე სარაკეტო დარტყმები არ განუხორციელებიათ:
“მათ, რა თქმა უნდა, კარგად იცოდნენ ეს რა შენობა იყო. და მათ უნდა სცოდნოდათ, რომ სარაკეტო დარტყმის შედეგად ასეთი თანმდევი ზიანი იქნებოდა“– ამბობს ჩინოვნიკი და დასძენს, რომ დარტყმისას რუსეთმა ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა გამოიყენა, რაც არ არის განკუთვნილი ქალაქში, ხალხმრავალ ადგილებში გამოყენებისთვის.