საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტი, GIPA–ს პროფესორი გიორგი კობერიძე უკრაინის ფრონტებზე 7 ოქტომბრის მდგომარეობას აჯამებს:
“საბრძოლო მოქმედებები გრძელდება ხერსონის რაიონში. სატანკო ბრძოლა მიმდინარებს დუდჩანი-ბერისლავი-კახოვკას გზაზე. რუსები ტექნიკისა და ცოცხალი ძალის დიდი რაოდენობით მომარაგების ფონზე ცდილობენ უკრაინელთა შეტევის ტემპი დააგდონ და თავდაცვის ახალი ხაზი შექმნან. სწორედ ამიტომ ინტენსიურად მუშაობს რუსული არტილერია მთელს ხერსონის რაიონში. გვხვდება რუსული ჩასაფრებებიც. ამ ეტაპზე, უკრაინული არმიის შეტევამ მილოვემდე ჩააღწია. დასახლება მდინარე დნეპრის სანაპიროზე მდებარეობს.
ხერსონის რაიონში უკრაინული არმია ცდილობს სუხანოვე დაიკავოს. მდელოებზე ბრძოლა ძალიან რთულია და როგორც ჩანს უკრაინული არმია ხანგრძლივი წინააღმდეგობის შემთხვევაში ერთსა და იმავე ადგილას უაზრო ბრძოლას არ აგრძელებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუკი რუსული თავდაცვა სუხანოვესა და ბოროზენსკეს მიდამოში ჩამოყალიბდა, უკრაინელები სხვა მიმართულებიდან შეეცდებიან შეტევაზე გადასვლას.
დონეცკის რაიონში, პისკიდან დასავლეთით რუსებმა პერვომაისკეზე წამოიწყეს ინტენსიური იერიში. რუსებმა დიდი რაოდენობით დონეცკელი სეპარატისტული დანაყოფები ჩართეს საბრძოლო მოქმედებებში. უკრაინელებს დასახლება და მისი მომიჯნავე ტერიტორია ძალიან კარგად აქვთ გამაგრებული. საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ზოგადად, დონეცკის რაიონის ამ ნაწილში დეფაქტო ხელმძღვანელობის აღებას კადიროვი და მისი ერთგული ლიდერები ცდილობენ, ისევე როგორც ის სამხედრო ხელმძღვანელობა, რომლებიც სირიაში რუსულ იერიშებს წარმართავდა.
უკრაინელები რეიდებს ღამით ახორციელებენ ხოლმე. ეს მათი ტექნიკური უპირატესობის (წვრთნა, ღამის ხედვის აპარატები) ჭკვიანური გამოყენებაა. ასეთი რეიდების შედეგად რუსული სამხედრო მორალი ძალიან ქვეითდება.
ლიმანში მასობრივ სამარხებში ერთი და ორი წლის მოკლული უკრაინელი ბავშვების ცხედრებიც კი აღმოაჩინეს. ესაა გენოციდი და დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ მოწყობილი რუსეთის მიერ.“ – აცხადებს გიორგი კობერიძე.