საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტი, GIPA–ს პროფესორი გიორგი კობერიძე უკრაინის ფრონტებზე 6 სექტემბრის მდგომარეობას აჯამებს და ამბობს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ისარგებლეს რუსული ძალების ხერსონში თავმოყრით და შეტევა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით წამოიწყეს:
– გაიხსნა უკრაინული კონტრშეტევის მეორე მიმართულება ხარკივის რაიონში იზიუმის მიმართულებით. უკრაინელებმა გაათავისუფლეს დასახლებული პუნქტი ვერბივკა და სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს ბალაკლეაში შევიდნენ. ბრძოლა ქალაქის ქუჩებში მიმდინარეობს. უკრაინელებს ბალაკლეაში იარაღის დიდი საწყობი ჰქონდათ, რომელსაც შემდგომ რუსები იყენებდნენ. უკრაინელებმა საწყობის ტერიტორიამდე მიღწევა შეძლეს და შეტაკებები მის სიახლოვეს მიმდინარეობს. ამასთან, რეალურად, თუკი უკრაინელებმა ბალაკლეასა და აღმოსავლეთით სავიცნეს გათავისუფლებას შეძლებენ პრაქტიკულად იზიუმის მომარაგების მთავარი არტერია გადაიკეტება.
შეტაკებები იმდენად ინტენსიურია რომ ვერბივკას რუს მცველთა კორპუსის აბსოლუტური უმრავლესობა განადგურებულ იქნა, ნაწილმა კი ბალაკლეასაკენ დაიხია უკან და ყველა ხიდი ნაჩქარევად ააფეთქა. რეალურად კი აღნიშნული ხიდების აფეთქება მხოლოდ მინიმალურ ეფექტს ახდენს უკრაინელთა შეტევაზე, რადგან ამ მიმართულებით მდინარის გადალახვა საკმაოდ ადვილია.
უკრაინელებმა ისარგებლეს იმით, რომ რუსული სამხედრო ელიტის ნაწილი ხერსონის დაცვაზეა გადასული, მეორე ნაწილი კი ბახმუტს უტევს. ამ ფონზე უკრაინელებმა იზიუმის ჩრდილო-დასავლეთით სიტუაციის კონტროლის ხელში აღება დაიწყეს.
– მეორე კონტრშეტევა იზიუმის მიმართულებით დოლინა-კრასნოპოლიას მონაკვეთიდან დაიწყო. უკრაინელები იზიუმის სამხრეთიდან დაიძრნენ და სოფელი დოვჰენკე გაათავისუფლეს. აღნიშნული დასახლებული პუნქტი უკრაინულ თავდაცვის ზღუდეში ღრმად იყო შეჭრილი და მთელს თავდაცვით ხაზს საფრთხეს უქმნიდა.
– უკრაინელმა პარტიზანებმა ზაპორიჟიას საპორტო ქალაქ ბერდიანსკის მმართველი კომენდანტი მერიის შენობის წინ მანქანაში ააფეთქეს და მოკლეს. ამასთან რუს სამხედროებს ცეცხლი გაუხსნეს. სინქრონულად, კოლაბორაციონისტებზე თავდასხმა ქალაქის მასშტაბით რამდენიმე ადგილას განხორციელდა.
– ხერსონის რაიონში უკრაინული შეტევის ანდრიივკას ცენტრის ჯგუფმა რუსული თავდაცვის ზღუდის კიდევ უფრო დიდი მასშტაბით გარღვევა დაიწყო. კოსტრომკას შემოგარენის გათავისუფლების შემდეგ სამხრეთით დაიკავეს ბეზიმენე და უტევენ შასლივეს. ამასთან, დღის განმავლობაში უკრაინულმა ავიაციამ 50-მდე ავიაიერიში მიიტანა რუსულ პოზიციებზე. რუსების მხრიდან დიდია დაღუპულთა, დაჭრილთა და დაშავებულების რაოდენობა. რუსული საჰაერო-სადესანტო ძალების ნაწილებმა პოზიციების მიტოვება ძალიან გაახშირეს, ეს კი რუსების დანარჩენ სამხედრო ძალებზე კატასტროფულად აისახება.
– მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურად იბომბებოდა ნოვა კახოვკას რუსული სამხედრო ობიექტები. პონტონური ხიდები აღარ არსებობს და ბორანებიც პრაქტიკულად უმოქმედო გახდა ამ მიმართულებით. HIMARS-ები პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში ურტყამს დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროზე მომარაგების ცენტრებს ხერსონსა და კახოვკაში.
– წუხანდლიდან რუსულმა დანაყოფებმა ინტენსიური სარაკეტო შეტევა წამოიწყეს დნიპროპეტროვსკის რაიონზე. განსაკუთრებით კი კრივიი რიჰის (კრივოი როგი) მომიჯნავე ტერიტორიაა სამიზნე. რუსების გათვლა უკრაინულ ლოჯისტიკური ხაზების განაადგურება და ნავთობის საბრძოლო მოქმედების არეალში მიწოდების ხელის შეშლაა.
– რუსეთი ჩრდილოეთ კორეისაგან საარტილერიო ჭურვებისა და რაკეტების შეძენას იწყებს. ჩრდილოეთ კორეა არტილერიას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ყოველთვის. მას რესურსები ამ მიმართულებით განსაკუთრებით მაღალი აქვს და სანქციებისაც ნაკლებად ეშინია. მაგრამ ჩრდილოეთ კორეის ჩართვა რუსეთის შეიარაღების პროცესში დასავლეთის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ მობილიზაციის პროცესში კიდევ უფრო მწვავე აუცილებლობას შექმნის. ამასთან, არც ჩრდილოეთ კორეის რესურსებია ამოუწურავი – სადაც რუსეთს დაეწყო დეფიციტი იქ ჩრდილოეთ კორეაც ვერ გაიღებს უწყვეტად.
– დიდი რაოდენობით პოლონური “კრაბები” – თვითმავალი არტილერია – შეედინება უკრაინის მხარდასაჭერად. პრაქტიკულად ამას კრიტიკულად მნიშვნელოვანი ეფექტი ექნება საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობისას და კიდევ უფრო მეტად დაეხმარება უკრაინას სხვადასხვა, ნაკლებად აქტიურ მიმართულებაზე.
– ბრიტანელების მიერ, ინგლისში მაღალ დონეზე ურბანული ბრძოლებისათვის გაწვრთნილი და თანამედროვე იარაღის მცოდნე სამხედრო ნაწილები თანდათან სრული მასშტაბით ჩაერთვებიან საბრძოლო მოქმედებაში. პრაქტიკულად სექტემბრის პირველი კურსდამთავრებულები ახალი ბრიგადებით გამოჩნდებიან ფრონტზე. თუმცა გაჩნდა ვარაუდი, რომ ბრიტანელების მიერ მომზადებული ძალები უკვე მონაწილეობენ შემტევ ოპერაციებში.
– იგორ გირკინი ფიქრობს, რომ ომის ასეთი მიმდინარეობით რუსეთი ომს სრული მარცხით დაასრულებს. გიკინი დონეცკელი სეპარატისტების ერთ-ერთი სამხედრო სარდალი (“თავდაცვის მინისტრი”) და ძალიან საშიში ფიგურა იყო 2014-15 წლებში. სავარაუდოა, რომ იგი რუსეთის მარცხის შემთხვევაში პოლიტიკური კარიერის გაკეთებას რუსეთში შეეცდება.
– უკრაინაში ტემპერატურამ კლება დაიწყო. ღამით 7-8 გრადუსია ფრონტის ხაზზე. რუსული ლოჯისტიკური კრიზისის ფონზე დნეპრის დასავლეთ სანაპიროზე მყოფი რუსული ნაწილებისათვის სიტუაცია კიდევ უფრო გართულდება.– წერს ექსპერტი.