უკრაინელებმა ოკუპირებულ მელიტოპოლში რუსების სამხედრო ბაზა გაანადგურეს

წუხელ რუსების მიერ ოკუპირებულ მელიტოპოლში  ადგილობრივი აეროპორტის ტერიტორია დაიბომბა, სადაც რუსი სამხედროების ბაზა იყო განთავსებული. სოციალურ ქსელებში არაერთი ფოტო და ვიდეო ვრცელდება.  კვამლის უზარმაზარი სვეტები არა მხოლოდ მელიტოპოლიდან, არამედ მეზობელი სოფლებიდანაც ჩანდა. აფეთქებების ხმა დიდხანს ისმოდა.

ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, აფეთქებებმა ოკუპანტებში პანიკა გამოიწვია და ისინი ქუჩებში აქტიურად გადაადგილდებოდნენ. პანიკა იყო მოსახლეობაშიც, რადგან ქალაქის ოკუპაციის შემდეგ რუსებმა აქ ყველა თავშესაფარი გააუქმეს და დაბომბვისას ადამიანებს თავის შეფარება აღარსად შეუძლიათ.

ოკუპირებული მელიტოპოლის მერმა, ივან ფიოდოროვმა განაცხადა, რომ წუხელ უკრაინულმა ძალებმა 30–ზე მეტი შეტევა განახორციელეს და მწყობრიდან გამოიყვანეს ქალაქში განლაგებული ერთ–ერთი რუსული სამხედრო ბაზა. გარდა ამისა, მისი თქმით წინააღმდეგობის ძალებმა რელსებიდან გადაიყვანეს რუსული ჯავშანმატარებელი, რომელიც საბრძოლო მასალებით იყო დატვირთული.

“ახლა ოკუპანტები ცდილობენ პროვოკაცია მოაწყონ და ამტკიცებენ, თითქოს დაიბომბა მშვიდობიანი რაიონები, დაზარალდა მშვიდობიანი მოსახლეობა, დაინგრა საქალაქო ინფრასტრუქტურა. ეს ტყუილია! უკრაინის შეიარაღებული ძალები ყველაფერს აკეთებენ, რომ მელიტოპოლში მშვიდობიანი ცხოვრება და უკრაინული სახელმწიფოებრიობა დაბრუნდეს“–თქვა ივანოვმა.