უკრაინელებმა, რუსეთის ნავთობბაზასა და დრონების მართვის ცენტრს დაარტყეს

უკრაინელებმა, უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არაერთ სამიზნეს დაარტყეს.

ოკუპირებულ დონეცკის ოლქში დარტყმა განხორციელდა მოწინააღმდეგის ცოცხალ ძალასა და უპილოტო საფრენი აპარატების მართვის ცენტრზე, ასევე, უკრაინელებმა დონეცკის ოლქის შახმატნესა და გრიგორიევკას რაიონებში მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის თავმოყრის ადგილებს დაარტყეს.ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა რუსეთის ვორონეჟის ოლქში ნავთობბაზა „ხოხოლსკაიას“ დაარტყეს, დაფიქსირდა ხანძარი და სქელი კვამლი.

უკრაინელებმა ლუგანსკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსების საბრძოლო მასალის საწყობს დაარტყეს, ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებულ ნაწილში – პირადი შემადგენლობის თავმოყრის ადგილს, დნეპროპეტროვსკის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში კი – ბატალიონის სამეთაურო პუნქტს.

ამასთან, დაზუსტდა რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარეში მდებარე „ტამანეფტეგაზის“ ნავთობტერმინალზე ბოლო დროს განხორციელებული შეტევის შედეგები: დადასტურდა ხანძარი დაახლოებით 6 200 კვადრატული მეტრის ფართობზე და სამი რეზერვუარის დაზიანება.