უკრაინელებმა ხარკოვის ოლქის სამი დასახლება ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს – სინეგუბოვი

უკრაინელებმა ხარკოვის ოლქის სამი დასახლება ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. ინფორმაციას UNIAN-ი ხარკოვის გუბერნატორზე, ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.  

ხარკოვის გუბერნატორი აცხადებს, რომ ოლქში უკრაინელმა სამხედროებმა წარმატებული კონტრშეტევა განახორციელეს – რუსი ოკუპანტები სამი დასახლებული პუნქტიდან განდევნეს და პოზიციები დაიკავეს.

“ფრონტის ხაზიდან სასიხარულო ამბავი გვაქვს. ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებით ჩაატარეს კონტრშეტევა, შეტევითი ოპერაციები მტრის წინააღმდეგ გუშინ დილიდან წამოიწყეს. სასტიკი ბრძოლები მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ჩვენმა ნაწილებმა რუსული ჯარი განდევნეს ბეზრუკის, სლატინოს, პრუდიანკას დასახლებებიდან და პოზიციები დაიკავეს!” – წერს სინეგუბოვი.

ოლეგ სინეგუბოვი აცხადებს, რომ ხარკოვის ოლქში დამპყრობლები აგრძელებენ სროლას სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიმართულებით.