უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა შეტევა მიიტანეს რუსული არმიის ნაწილებზე ოკუპირებულ ხერსონში. ამ ინფორმაციას საოლქო სამხედრო–სამოქალაქო ადმინისტრაციის მეთაურის მრჩეველი, სერგეი ხლანი ადასტურებს.
მისი თქმით, უკრაინულმა არმიამ წერტილოვანი დარტყმები მიიტანა პესტელის ქუჩაზე განლაგებულ ბაზაზე.
“ხერსონი. იუველირული სიზუსტით განხორციელდა დარტყმა ოკუპანტების სამხედრო ბაზაზე პესტელის ქუჩაზე“– წერს სოციალურ ქსელში ხლანი.
მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის სამხედრო ობიექტი უკრაინელმა სამხედროებმა ორჯერ დაბომბეს. ბაზის ტერიტორიაზე პირველი დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა, დაახლოებით დილის 5 საათზე. მეორე დარტყმა 10 საათზე მოხდა.
“თვითმხილველები ამბობენ, რომ ნანგრევებში რუსები არიან მოყოლილი და მათი ყვირილი ისმის. ახლოს მისვლა შეუძლებელია, იმიტომ რომ ოკუპანტები ჰაერში ისვრიან. აშკარად გამოხატულია, რომ პანიკა დაეწყოთ“– წერს ხლანი.
ხერსონში რუსეთის სამხედრო ბაზის დაბომბვის შესახებ წერს ადგილობრივი ტელეგრამ არხიც. მისი ინფორმაციითაც დაიბომბა სამხედრო ნაწილი პესტელის ქუჩაზე, სადაც მუდმივად იმყოფებოდნენ რუსი სამხედროები.
კიდევ ერთი ტელეგრამ არხი ამტკიცებს, რომ ჭურვების დაცემის შემდეგ რუსებმა რაიონს ალყა შემოარტყეს და იქ შემსვლელების საბუთებს ამოწმებენ.
უკრაინის რადას დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო ამტკიცებს, რომ უკრაინულმა ძალებმა როსგვარდიის ბაზა გაანადგურეს. ჭურვების მოხვედრის შემდეგ, მისი თქმით რუსების დანაკარგი პირადი შემადგენლობის თვალსაზრისით დიდია.
რუსული მედია ხერსონის საოკუპაციო ადმინისტრაციაზე დარყდნობით ამტკიცებს, რომ უკრაინელების შეტევის შედეგად არა სამხედრო ობიექტი, არამედ საავადმყოფო განადგურდა.