უკრაინული მედია Unian-ი დედაენის ბარზე რუსების მიერ შეტევას ეხმაურება და უკრაინელებს მოუწოდებს ბარს გვერდში დაუდგნენ.
“რუსებმა ქართულ “დედაენის ბარზე” მასობრივი შეტევა დაიწყეს. დაწესებულების რეიტინგი ახლა Google-ში 2.5-მდე დაეცა (5 შესაძლოდან). რუსები, რომლებიც კომენტარებს წერდნენ, უკმაყოფილო იყვნენ იმ კითხვარებით, რომლის შევსებასაც ბარის თანამშრომლები სტუმრად მისულ რუს ტურისტებს სთხოვდნენ.
ბარის საიტზე ნამდვილად არის შესვლის ფორმა. სხვა საკითხებთან ერთად, ყველა ვიზიტორი რუსეთიდან უნდა დაეთანხმოს, რომ „ყირიმი უკრაინაა“, „აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონები საქართველოა“, დაადასტუროს, რომ მხარს უჭერს ფრაზას „დიდება უკრაინას“, „გმობენ რუსეთის აგრესიას უკრაინაში“, ასევე დებენ პირობას, რომ ბარის თანამშრომლებს რუსულად არ დაელაპარაკებიან და არ ჩაერთვებიან პოლიტიკურ დისკუსიაში.
ბარის ადმინისტრაცია ვებსაიტზე ავრცელებს ინფორმაციას, რომ მსგავსი ზომები შემოღებულ იქნა “დელიკატური პოლიტიკური ვითარების და ზოგიერთი რუსის გამო, რომლებიც ცუდად იქცეოდნენ ბარში”- წერს უკრაინული მედია.
მედიის ცნობით, უკრაინელები დგანან ბარის წარმომადგენლების გვერდით: ისინი, თავის მხრივ, პირიქით, ცდილობენ გაზარდონ დაწესებულების რეიტინგი.