უკრაინული მედია იმ ბიზნესმენებზე, პოლიტიკოსებზე და დეპუტატებზე წერს, რომლებიც მასობრივად გავიდნენ ქვეყნიდან და უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ლაჟვარდოვან სანაპიროზე ისვენებენ. სიუჟეტი ამის შესახებ “Украинская правда”–მ მოამზადა.
ჟურნალისტების მონაცემებით, საფრანგეთის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ე.წ. უკრაინული VIP ლტოლვილების “უხერხულად დიდი რაოდენობა“ მოგროვდა.
გამოცემის ჟურნალისტები ელიტური ავტომობილების გადაადგილებას რეგიონის ქუჩებში რამდენიმე დღის განმავლობაში, დღეში სულ რამდენიმე საათით აკვირდებოდნენ, თუმცა ამ მოკლე პერიოდის განმავლობაშიც შეძლეს დაეფიქსირებინათ იქ დიდი რაოდენობით უკრაინელი ოლიგარქების და პოლიტიკოსების ყოფნა.
მაგალითად, სიუჟეტის გმირი გახდა სახალხო დეპუტატის, გრიგორი სურკისის ოჯახი აკრძალული პარტიიდან “ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისათვის“. მედიის მონაცემებით ის ძმასთან და შვილთან ერთად მონტე–კარლოს ელიტურ სასტუმროში ცხოვრობდა, სადაც წლიურად აპარტამენტების ქირაობა დაახლოებით 2 მილიონი ევრო ღირს. ძმებ სურკისებს ხშირად ხედავდნენ ადგილობრივ კაზინოებში.
ლაჟვარდოვან სანაპიროზე დასვენება გადაწყვიტეს სურკისის თანაპარტიელმა კოლეგებმაც, კერძოდ კიევის საქალაქო საბჭოს დეპუტატმა, ვადიმ ტოლარმა და სახალხო დეპუტატმა იგორ აბრამოვიჩმა. ეს უკანასკნელი, ჟურნალისტების მონაცემებით რუსი ბანკირის, ბორის დავლეტიაროვის ვილას ქირაობდა კაპ–ფერაში.
გარდა ამისა, VIP ლტოლვილების შესახებ გამოძიების ფიგურანტები გახდნენ: უკრაინის ერთ–ერთი უმდიდრესი კაცი კონსტანტინ ჟევაგო – მისი 113 მილიონ დოლარიანი იახტა მონაკოს სანაპიროზე შენიშნეს. ასევე დეველოპერი დნეპრიდან ვადიმ ერმოლაევი, ხარკოვის საოლქო საბჭოს დეპუტატი ვლადიმირ სკორობოგაჩი, ყოფილი დეპუტატი და ბიზნესმენი ვიტალი ხომუტინკინი და სხვები.
“როცა უყურებ როგორ ცხოვრობენ ფრანგულ რივიერაზე უკრაინელი მოქალაქეები, დიდ კონტრასტს გრძნობ. რამდენიმე დღეში, როცა ჩვენ გადაღებები გვქონდა, მანქანები უკრაინული ნომრებით დაახლოებით იმდენივე იყო, რამდენიც შვეიცარული ნომრებით. ეს სწორედ მაშინ, როცა ჩვენს ქვეყანას ასე ჭირდება ფული და დახმარება მთელი მსოფლიოდან. აქ, ფრანგულ რივიერაზე, როგორც ჩანს დასახლდნენ ისინი, ვინც უკრაინაში ომამდე დიდი ფული იშოვნეს და ახლა, როგორც ჩანს უკრაინა აღარ ჭირდებათ“– ასეთი კომენტარი გააკეთა გამოძიების ავტორმა მიხაილ ტკაჩმა.