უკრაინელმა მედესანტეებმა რუსული არმიის ფსკოვის ელიტარული ბრიგადა გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების 80–ე სადესანტო–მოიერიშე ბრიგადის ჯარისკაცებმა რუსული არმიის ელიტარული ნაწილი გაანადგურეს. ბრძოლა 14  საათს გრძელდებოდა. ამის შესახებ ბრიგადის პრეს–სამსახური ფეისბუქ გვერდზე წერს და ვიდეოებსაც აქვეყნებს, თუმცა ადგილმდებარეობას არ აზუსტებს.

მედესანტეები აღნიშნავენ, რომ ამ ომში ძირითადად მსხვილკალიბრიანი, ქვემეხის ტიპის არტილერიის დუელები დომინირებს, თუმცა ხდება სასტიკი კონტაქტური ბრძოლებიც, სადაც უკრაინელები წარმატებით ანადგურებენ რუსი აგრესორების ტექნიკას და პირად შემადგენლობას.

ბრიგადის მედესანტეებმა 14 საათიანი ბრძოლა გამართეს ოკუპანტებთან, რომლებიც უკრაინის აღმოსავლეთით ერთ–ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტრასის დაკავებას აპირებდნენ. ოკუპანტებმა გეგმის განხორციელება ვერ შეძლეს.

“ეს ბრძოლა, ქალაქ Б.–სთან ღამის ორ საათზე დაიწყო, როცა მედესანტების პოზიციებს მტრის დივერსიულ–სადაზვერვო ჯგუფი მოუახლოვდა. ჩვენებმა დივერსანტები შენიშნეს და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს. აიძულეს უკან დაეხიათ, თუმცა რაშისტები არ დაწყნარდნენ და მოგვიანებით, მათმა ფეხოსნებმა, გაძლიერებული ჯავშანტექნიკით შემოგვიტიეს. აი აქ კი ლვოველმა მედესანტეებმა ნამდვილი “თბილი შეხვედრა“ მოუწყვეს “– წერს პრესსამსახური.

ბრძოლის დროს უკრაიულმა არმიამ  NLAW–სი ყუმბარმტყორცნიდან რუსული ბეემდე დაწვა, ასევე ლიკვიდირებულია 50–მდე ოკუპანტი ფსკოვის სადესანტო–მოიერიშე დივიზიიდან, რომელიც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ელიტარულად ითვლება.

“სხვათა შორის, უკრაინელ მედესანტეებთან პირისპირ, კონტაქტურ ბრძოლაში შეხვედრისას ამ “ზოლიანმა ელიტამ“ უკან დაიხია, თავისიანების გვამები კი  იქვე მიატოვა. ის ბრძოლა მართალია გამარჯვებით დასრულდა, მაგრამ ძალიან მძიმე იყო. განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი უფროსმა ლეიტენენტმა ალექსანდრ ჩავდარმა და უფროსმა ჯარისკაცმა, ოლეგ დუბიჩმა, რომლებმაც შეტაკებისას მიუხედავად იმისა, რომ დაიჭრნენ, უარი თქვეს ევაკუაციაზე და ცეცხლი არ შეუწყვიტავთ, სანამ მტერმა უკან არ დაიხია“– ამბობენ ბრიგადაში.

ამავე დროს, ფსკოველი მედესანტეების უსიამოვნებები ამით არ დასრულებულა. 80–ე ბრიგადის საარტილერიო ქვედანაყოფების კოორდინირებული მოქმედების შედეგად, არტილერისტებმა გაქცევისას ოკუპანტებზე მასირებული საარტილერიო დარტყმა მიიტანეს. ამის შემდეგ ოკუპანტების დანაკარგი ტექნიკისა და ცოცხალი ძალის თვალსაზრისით გაიზარდა.