უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონში 2 000-მდე რუსი სამხედრო ალყაში მოაქციეს

უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში 2 000–მდე  რუსი ოკუპანტი ალყაში მოაქციეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ოკუპანტების 3 ტაქტიკურმა ბატალიონმა ალყიდან გამოსავლელად ე.წ. მწვანე დერეფანი მოითხოვა, მათ შორის სპეცრაზმებებმაც.

უკრაინელი სამხედროების შეტევა ერთდროულად ორი მიმართულებით ხორციელდებოდა: ოლგინო-კოსტრიკაში და პოტიომკინო-ნოვოვოზნესენსკოეში. ამ დროისთვის ხერსონის ოლქში აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა  ხერსონის ოლქის ვისოკოპოლიეს რაიონში ალყაში მოქცეული რუსი ჯარისკაცების შესახებ  ისაუბრა:

მისი თქმით, უკრაინელებმა თითქმის აიღეს დასახლებული პუნქტები ოლგინო და პოტიომკინო, რომლებიც ვისოკოპოლიეს მარჯვნიდან და მარცხნიდან ესაზღვრებიან. მისი თქმით, რუსი სამხედროები შეიარაღებით და სამხედრო ტექნიკით, ტაქტიკურ ალყაში არიან. მათი მხრიდან ალყის გარღვევის მცდელობა უკრაინელებმა ცეცხლით აღკვეთეს.  ერთადერთი გამოსასვლელი კორიდორი, რაც მათ აქვთ, უკრაინელების საცეცხლე კონტროლის ქვეშ არის.

არესტოვიჩის თქმით, რუსი მეთაურები ხერსონის ოლქში არსებული ვითარების გამო დემორალიზებულები არიან, რაც HIMARS–ების და სხვა დასავლური შეიარაღების შედეგია.

არესტოვიჩის თქმით, ალყაში მოქცეული ჯარისკაცების სიტუაცია ძალიან გავს ილოვაისკის სიტუაციას. აქ რუსმა სამხედროებმა ალყაში მოაქციეს უკრაინელები, უხეშად დაარღვიეს შეთანხმება მათთვის კორიდორის მიცემის შესახებ და  უკრაინელი ჯარისკაცები ადგილზე დახვრიტეს.

“ძალიან დიდი ცდუნება გვაქვს, ისინი ამ ქვაბში დავმარხოთ, მაგრამ პირველ რიგში, ჩვენ ისე არ ვომობთ, როგორც რუსები. არ ვარღვევთ სიტყვას. მეორე– ჩემი აზრით, უკრაინის ჰუმანური სამხედროები მათ უბრალოდ დანებებას შესთავაზებენ. ეს მათთვის საუკეთესო გამოსავალი იქნება – ჩააბარონ შეიარაღება, ტექნიკა და ცოცხლები გადარჩნენ. ეს ომია და მათ არავინ მოფერებას არ დაუწყებს. ჩვენ მათ კორიდორს არ მივცემთ. თუ არ მოუნდებათ ტყვედ ჩაბარება, მათი ბედი გადაწყვეტილი იქნება“– თქვა არესტოვიჩმა.