უკრაინიდან მოპარული ხორბლით დატვირთული ხომალდი ლიბანში დააკავეს

ლიბანის პროკურატურამ დააკავა სირიული ხომალდი “ლაოდიკეა“ რომელიც რუსების მიერ უკრაინაში მოპარული ხორბლით არის დატვირთული.

ლიბანური მედიის ინფორმაციით, უკრაინის საელჩომ ლიბანში ხომალდის 72 საათით დაპატიმრებას მიაღწია.

პროკურატურამ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო და ახლა გამოძიება მიმდინარეობს.

მანამდე როიტერი იტყობინებოდა, რომ ბეირუთში უკრაინის საელჩოს ინფორმაციით, უკრაინის სასამართლომ  სირიული გემის და მასზე არსებული ტვირთის დაპატიმრების გადაწყვეტილება გამოძიების შემდეგ მიიღო.

სააგენტოსთვის გაკეთებულ განცხადებაში საელჩომ ასევე თქვა, რომ ხომალდის ტვირთის კონფისკაციის შემთხვევაში უკრაინა მზად არის მოლაპარაკებები გამართოს ბეირუთთან ლიბანისთვის ამ ტვირთის გადაცემის პირობების შესახებ.

ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბდულა ბუ ჰაბიბმა ბიბისი–სთან ინტერვიუში თქვა, რომ ლიბანმა მიიღო გაფრთხილება მთელი რიგი დასავლური ქვეყნებისგან ტრიპოლის პორტში “ლაოდიკეა“–ს შესვლის შესახებ, რომელზეც 5 000 ტონა ქერი და 5000 ტონა ფქვილი იყო დატვირთული.

ტვირთი დიდი ალბათობით რუსეთის მიერ დაპყრობილ უკრაინულ ტერიტორიებზე მდებარე საწყობებიდან არის გატანილი.

მინისტრის თქმით, ლიბანის შესაბამისი ორგანოები ამჟამად გემს ათვალიერებენ.