“უკრაინისთვის ყველაფერს არ აკეთებს არცერთი სახელმწიფო მსოფლიოში, მათ შორის, ვგულისხმობ ეკონომიკურ ურთიერთობებსაც. დღემდე არცერთი სახელმწიფო არ არის მსოფლიოში, რომელსაც ჰქონდა სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან და სრულად გაწყვიტა, ასეთი 1 სახელმწიფოც არ არის. ინფორმაცია გავრცელდა, მაგალითად, რამდენი ნავთობი შეიძინა აშშ-მ ბოლო დღეების განმავლობაში რუსეთისგან. გაზის ექსპორტი ხორციელდება რუსეთიდან ევროპაში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობა იღებს რუსულ გაზს და ესეც არ შეწყვეტილა. იგივე ფინანსური სანქციებიც სრულად არ ამოქმედებულა და მხოლოდ ნაწილობრივ მოქმედებს. რაც შეეხება სამხედრო მხარდაჭერას, აქაც თქვენ იცით, თუ რამდენად შეზღუდულია მხარდაჭერის მოცულობა. ანუ, ყველაფერს უკრაინის დასახმარებლად არცერთი სახელმწიფო არ აკეთებს – ყველა აკეთებს იმდენს, რამდენის შესაძლებლობაც აქვს ობიექტური მოცემულობიდან გამომდინარე. ჩვენ სწორედ ეს უნდა გავიაზროთ. რა თქმა უნდა, იგივე ნატოს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს სხვანაირი დახმარება შეუძლიათ, ჩვენ სხვანაირი დახმარება შეგვიძლია. თუნდაც იმის გამო, რომ ისინი არიან ნატოს წევრი და ჩვენ არ ვართ. ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ეს არის მაქსიმუმი”

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტვ იმედის ეთერში.