“უკრაინის გმირი“– 15 წლის მოზარდი, რომელმაც ომის საწყის ეტაპზე კიევი გადაარჩინა

15 წლის უკრაინელმა ბიჭმა ომის პირველი ეტაპზე კიევი ალყისაგან გადაარჩინა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა  The Telegraph წერს.

კიევის დასავლეთით მდებარე  ჟიტომირის ტრასაზე მოძრავმა საუკოპაციო ძალებმა  კიევთან დამაკავშირებელი უმნიშვნელოვანი მაგისტრალის –  E40-ის გადაკეტვა და დასავლეთის მხრიდან კიევის ალყაში მოქცევა გადაწყვიტეს, რის შემდეგაც სამხრეთისაკენ შეეცდებოდნენ ალყის შეკვრას. ეს კი  კიევის სრულ ბლოკადას გამოიწვევდა. კოლონის გადაადგილებისას უკრაინელმა სკეიტბორდისტმა ანდრეი პოკრასამ თავისი სათამაშო დრონით განსაზღვრა რუსული კოლონების კოორდინატები და მათი გადაადგლების შესახებ ინფორმაცია უკრაინის შეარაღებულ ძალებს მიაწოდა, რის შემდგომაც უკრაინის არმიამ კორექტირებადი საარტილერიო ცეცხლით რუსული კოლონა გაანადგურა და მათი მცდელობა ჩაშალა.

ამის შემდგომ უკრაინის არმიამ განახორციელა კონტრშეტევა და ქალაქ ჟიტომირთან დამაკავშირებელი მაგისტრალზე კონტროლი აღადგინა. სწორედ ამის შემდგომ  იწყება კიევის ეტაპობრივი სამმხრივი ალყის დებლოკირება.

15 წლის ანდრეი პოკრასას დახმარებისთვის უკრაინელმა სამხედრებმა მიმართეს:

“ის იყო ერთადერთი, ვისაც ამ რეგიონში უპილოტო აპარატებთან მუშაობის გამოცდილება ქონდა“– ამბობს უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო დაზვერვის განყოფილების მეთაური, იური კასიანოვი. “ის ნამდვილი გმირია, უკრაინის გმირი.“– ამბობს ის.

სამოქალაქო თავდაცვის ძალებმა ბიჭს მიაკითხეს იმის გამო, რომ მათ კოლონის GPS კოორდინატები ჭირდებოდათ.

“მათ მოგვცეს ინფორმაცია რუსული კოლონის დაახლოებითი ადგილსამყოფების შესახებ. ჩვენი ამოცანა იყო ზუსტი კოორდინატები დაგვედგინა და ჯარისკაცებისთვის მიგვეცა. ეს იყო ერთ–ერთი ყველაზე დიდი კოლონა, რომელიც კი ჟიტომირის ტრასაზე მიდიოდა, და ჩვენ მისი პოვნა იმის წყალობით შევძელით, რომ ერთ–ერთმა სატვირთო მანქანამ დიდი ხნით ჩართო ფარები.“– ამბობს მოზარდი.

დეტალური ინფორმაცია ბიჭმა ტერიტორიული თავდაცვის ძალებს სოციალური ქსელებით მიაწოდა, შემდეგ კი მათ შეძლეს კოლონა კიევის დასავლეთით, დაახლოებით 40 კილომეტრში, ბერეზოვკასთან შეეჩერებინათ.

“მე მათ კოორდინატები და ფოტოები გადავეცი, შემდეგ კი მათ განსაზღვრეს ადგილსამყოფელი. “– ამბობს ბიჭი და აღწერს იმ მომენტს, როცა “ძალიან, ძალიან საშიში“ კოლონა დაინახა. ის ამბობს, რომ მტკიცედ გადაწყვიტა, რუსებისთვის მისი ქალაქის დაპყრობის უფლება არ მიეცა.

სამოყვარულო დრონები ფართოდ გამოიყენება რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსული არმიის დანაშაულის მტკიცებულებების და გადაადგილების შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად. ასეთი დრონებით გადაღებული ვიდეოები რუსებს ნაკლებ შანსს უტოვებს დაიმალონ და საკუთარი დანაშაული დამალონ, რადგან ვიდეოები სოციალურ ქსელებში ხშირად ვრცელდება.

“ეს გარდამტეხი მომენტია ომში. ასეთი დრონები და ოპერატორები რომ არ გვყოლოდა, ვინც უკრაინულ არმიას ეხმარება, ვფიქრობ, კიევი შეიძლება უკვე რუსული ჯარის მიერ ყოფილიყო ოკუპირებული“– აცხადებს დრონების ყოფილი გამყიდველი, ტარას ტროიაკი, რომელიც უკრაინის დრონების მფლობელთა ასოციაციის ხელმძღვანელია.