უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, დენის მონასტირსკის თქმით, უკრაინის დაზვერვას დატყვევებულ აზოველებთან კონტაქტი აქვთ.
მისი თქმით, მებრძოლების გასათავისუფლებლად კიევი ყველაფერს აკეთებს.
“დღეს აზოვის პოლკის დატყვევებულ ჯარისკაცებთან კომუნიკაცია აქვთ ჩვენი დაზვერვის ოფიცრებს თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოდან. სწორედ მათგან ვიღებთ მეტ ინფორმაციას: პატიმრობის პირობების, კვებისა და მათი გათავისუფლების შესაძლებლობის შესახებ. ყველამ ვიცით, რომ ისინი აქ, კიევში, აუცილებლად დაბრუნდებიან და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ”, – განაცხადა მან.
ცნობისთვის, 17 მაისს ალყაშემორტყმულ ქალაქ მარიუპოლში მდებარე ”აზოვსტალის” ქარხნიდან მებრძოლების ევაკუაციის ოპერაცია დაიწყო. ევაკუაციის ფარგლებში, ქარხნიდან ყველა უკრაინელი სამხედრო რუსული ძალების თანხლებით მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გადაიყვანეს.